სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა უკრაინაზე რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად

რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დანგრეული სახლი ზაპოროჟიეში. 2024 წლის 22 მარტი

მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა რაკეტებით და დრონებით უკრაინაზე რუსეთის დღევანდელ თავდასხმას.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხმელნიცკის ოლქში დაიღუპა სულ მცირე 2 ადამიანი და 8 დაიჭრა. სულ მცირე 1 დაღუპულის და 8 დაჭრილის შესახებ იუწყება ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფიოდოროვი.

დანგრეული და დაზიანებულია სახლები. უკრაინის ხელისუფლების თანახმად, რუსეთის მთავარი სამიზნე ენერგოობიექტები იყო. რუსეთის დღევანდელმა მასირებულმა შეტევამ უკრაინის 10-ზე მეტი ოლქი მოიცვა.

ენერგოობიექტებზე თავდასხმის შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა სუმის, დნეპროპეტროვსკის, პოლტავის, ხარკოვის, კიროვოგრადის, ზაპოროჟიეს და ოდესის ოლქების დიდ ნაწილს. უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანია „უკრენერგომ“ ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკი აამოქმედა.

ასევე ნახეთ უკრაინის ენერგოსისტემაზე ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური შეტევა იყო - „უკრენერგო“

უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთის ერთ-ერთი სამიზნე იყო ზაპოროჟიეში მდებარე უდიდესი ჰიდროელექტროსადგური „დნეპროჰესი“.

ენერგოკომპანია „უკრჰიდროენერგოს“ ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა იერიში მიიტანეს „დნეპროჰესის“ კაშხალსა და ჰიდრონაგებობებზე. ენერგოკომპანიის თანახმად, კაშხალზე სიტუაციას აკონტროლებენ და ნგრევის საფრთხე არ არსებობს.

ასევე ნახეთ უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთმა იერიში მიიტანა „დნეპროჰესზე“

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის, მიკოლა ოლეშჩუკის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს 63 დრონი და სხვადასხვა ტიპის 88 რაკეტა, მათ შორის 7 აერობალისტიკური „კინჟალი". გენერალ ოლეშჩუკის თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 55 დრონი და 37 რაკეტა გაანადგურეს.

უკრაინაზე დღევანდელი მასირებული შეტევის შემდეგ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ დასავლელ პარტნიორებს კვლავ მოუწოდა, აღარ გადადონ უკრაინისთვის შემდგომი სამხედრო დახმარების საკითხის გადაწყვეტა, რადგან იარაღი ხალხის, სახლების და კაშხლების დასაცავად სჭირდებათ.