უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთმა იერიში მიიტანა „დნეპროჰესზე“

ფოტო არქივიდან. „დნეპროჰესი“.

უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის დღევანდელი მასირებული სარაკეტო შეტევა მიმართული იყო უკრაინის ენერგოსისტემის წინააღმდეგ.

ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დარტყმის ერთ-ერთი სამიზნე იყო ჰიდროელექტროსადგური „დნეპროჰესი“.

ზაპოროჟიეში მდებარე უდიდეს ჰესზე შეტევა დაადასტურა ენერგოკომპანია „უკრჰიდროენერგომ“. მან რუსეთი დაადანაშაულა კახოვკის შემდეგ, ახალი ეკოლოგიური კატასტროფის გამოწვევის მცდელობაში.

კომპანიის ცნობით, საოკუპაციო ძალებმა იერიში მიიტანეს „დნეპროჰესის“ კაშხალსა და ჰიდრონაგებობებზე. ენერგოკომპანიის თანახმად, სადგურზე ხანძარს ებრძვიან, კაშხალზე სიტუაციას აკონტროლებენ და ნგრევის საფრთხე არ არსებობს.

ასევე ნახეთ კახოვკის კატასტროფა: რა მოხდა, რატომ და რით დამთავრდება?

2023 წლის ივნისში დაინგრა უკრაინის ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრზე მდებარე კახოვკის ჰესის კაშხალი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული. უკრაინამ რუსეთი დაადანაშაულა ჰესის აფეთქებასა და ეკოციდში. თავის მხრივ, რუსეთმა განაცხადა, რომ დივერსია უკრაინულმა მხარემ მოაწყო.

კაშხლის დანგრევამ გამოიწვია ათეულობით ადამიანის სიკვდილი, მასშტაბური წყალდიდობა და ეკოლოგიური კატასტროფა. საცხოვრებლის გარეშე დარჩა ათასობით ადამიანი. უკრაინის მთავრობის თანახმად, კახოვკის კაშხლის ნგრევამ გარემოს მიაყენა 1,5 მილიარდი დოლარის ზარალი.