ევროკავშირი ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დაიწყებს მოლაპარაკებას ევროპის კავშირში ამ ქვეყნის მისაღებად. გადაწყვეტილება 21 მარტს, ღამით ბრიუსელში მიიღეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა.
ორდღიანი სამიტის პირველ დღეს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელ X-ში(ყოფილი ტვიტერი) დაწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა. მისი განცხადებით, ბოსნია და ჰერცეგოვინის ადგილი ევროპულ ოჯახშია და ევროკავშირისკენ მის გზაზე გადამწყვეტი ნაბიჯი გადაიდგა.
მიშელის თანახმად, ახლა საჭიროა რთული სამუშაოს გაგრძელება წინსვლისთვის, როგორც ეს ხალხს სურს.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტამდე, 12 მარტს, ევროკომისიამ დაუჭირა მხარი ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გაწევრების საკითხზე მოლაპარაკების დაწყებას.
ყოფილი იუგოსლავიის ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 2016 წელს წარადგინა, კანდიდატის სტატუსი კი მხოლოდ 2022 წელს მიიღო.
ევროკავშირის ლიდერებმა 2023 წლის დეკემბერში გამართულ სამიტზე გადაწყვიტეს, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მოლაპარაკება დაიწყებოდა მას შემდეგ, რაც ქვეყანა მიაღწევდა ევროკავშირის კრიტერიუმების საჭირო დონეს დემოკრატიის, ეფექტიანი სახელმწიფო მმართველობის, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებათა სფეროებში.
ასევე ნახეთ ევროკომისია გაფართოების საკითხთან დაკავშირებით ვეტოს ძალის შემცირებას ეცდებაევროკავშირის ლიდერებმა 2023 წლის დეკემბრის სამიტზე მიიღეს კანდიდატ ქვეყნებთან, უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება. ამ სამიტზე საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
2024 წლის იანვარში ევროკომისიამ დაიწყო მუშაობა უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების ჩარჩოზე - დოკუმენტზე, რომელიც განსაზღვრავს ევროკავშირში მისაღებად მოლაპარაკების წარმოების პრინციპებსა და პროცედურებს. ამ დოკუმენტს და მოლაპარაკებების დაწყების თარიღს ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერა სჭირდება.
ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები „ქართული ოცნების" ხელისუფლებას აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ერთ დროს მოწინავე საქართველო უკან დახიეს. „ქართული ოცნების" ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის უკრაინასა და მოლდოვაზე უფრო გვიან მინიჭება უსამართლო გადაწყვეტილება იყო.