უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის ცნობით, კიევში 31-ვე რუსული რაკეტა გაანადგურეს

კიევზე რუსეთის სარაკეტო შეტევისას დაზიანებული სახლი. 2024 წლის 21 მარტი

რუსეთმა კიევზე დღევანდელი თავდასხმისას გამოიყენა 31 ბალისტიკური, აერობალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა. ამის შესახებ დილით განაცხადა უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა.

უკრაინელი გენერლის მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ ტუ-95 ტიპის 11 სტრატეგიული ბომბდამშენიდან კიევს შეუტია ორი ბალისტიკური და აერობალისტიკური რაკეტით, „ისკანდერი“ და „კინჟალი“ და 29 ფრთოსანი რაკეტით(Х-101/Х-555). გენერალ-ლეიტენანტ ოლეშჩუკის თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ყველა რაკეტა ჩამოაგდეს.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, რუსული რაკეტების ნამსხვრევებმა სვიატოშინსკის, შევჩენკოს და პოდოლსკის რაიონებში დააზიანა სახლები, საბავშვო ბაღი და ელექტროქვესადგური.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დაშავდა სულ მცირე 12 ადამიანი.

კიევზე რუსეთის სარაკეტო შეტევისას დაზიანებული ერთ-ერთი სახლის მობინადრეებმა შენობა მაშველების დახმარებით დატოვეს.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის თანახმად, დედაქალაქზე ბოლო 44 დღის განმავლობაში პირველი სარაკეტო თავდასხმის გამო გამთენიისას გამოცხადებული საჰაერო განგაში სამ საათს გაგრძელდა.

21 მარტს, კიევზე რუსეთის სარაკეტო შეტევის შემდეგ შევჩენკოს რაიონში წარმოქმნილი ორმო