„ცინიკური პოზიცია მოვისმინეთ გინტურის მკვლელობაზე" - ერგნეთში შეხვედრა დასრულდა

ირაკლი ანთაძე, სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. ერგნეთი, 20 მარტი, 2024.

ერგნეთში რამდენიმე საათს გაგრძელდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში გამართული 118-ე შეხვედრა. ქართული მხარე აცხადებს, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებისგან ცინიკური პოზიცია მოისმინა თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეზე.

„ეს პოზიცია არის უკიდურესად ცინიკური. ვისმენთ იმას, რომ ეს ე.წ. მესაზღვრეები მოქმედებდნენ განაწესის სრული დაცვით", - უთხრა მედიას შეხვედრის შემდეგ ირაკლი ანთაძემ, სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.

შეხვედრაზე განხილვის თემა იყო უკანონო "ბორდერიზაცია". „ამაზეც საოკუპაციო ძალების პოზიცია არის უცვლელი: ისინი აბსურდული არგუმენტებით ცდილობენ ამ ნეგატიური, უკიდურესად დესტრუქციული პროცესის ლეგალიზებას. ჩვენი მხრიდან ყოველთვის ხაზგასმით აღინიშნება ერთი გარემოება, რომ უკანონო ინსტალაციების აღმართვა არ ნიშნავს მხოლოდ ღობის ან მავთულხლართის გავლებას, არამედ, პირველ რიგში, ეს გახლავთ თანამდევი პროცესის წინამორბედი, რაც გულისხმობს მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებას. ამის თვალნათელი მაგალითია საქართველოს ექვსი მოქალაქე, რომლებიც ახლაც იმყოფებიან უკანონო პატიმრობაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე", - აღნიშნა ანთაძემ.

სუსის წარმომადგენლის განცხადებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნა არის ყველა უკანონოდ დაკავებულის უპირობო გათავისუფლება. „უკანონოდ დაკავებულთა უმრავლესობას სხვადასხვა დროს აქვს შეფარდებული 6-თვიანი წინასწარი პატიმრობა. ერთი მათგანის საქმე არის დაბრუნებული ხელახალი ე.წ. გამოძიების მიზნით. ლაშა ხეთერელს კი მისჯილი აქვს პატიმრობა, წელიწადი და სამი თვე", - თქვა მან.

დისკუსიის ნაწილი იყო საგაზაფხულო სამუშაოები, რომლებიც განიხილება თავისუფალი გადაადგილების კონტექსტში. ქართული მხარე პირველ ეტაპზე მოითხოვს ე.წ. გადასასვლელების გახსნის ხანგრძლივობის გაზრდას.

„თავისუფალი გადაადგილების კონტექსტში, გვიახლოვდება აღდგომის დღესასწაული, რა დროსაც არანაკლებ აქტუალურია ხოლმე უკანონო დაკავებების პრობლემა; ისევე, როგორც სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროს. ამაზე კონსულტაციები გრძელდება და შენარჩუნდება პერმანენტული კავშირი, მათ შორის, ცხელი ხაზის მეშვეობით", - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

შეხვედრაზე ცხინვალის ე.წ. წარმომადგენლებმა გამოხატეს საკუთარი მოსაზრებები სოფელ ჩორჩანაში მდებარე ქართული პოლიციის სტანდარტულ საგუშაგოზე. „სამწუხაროდ, მათი არგუმენტები დაცლილია პრაქტიკული და ლოგიკური შინაარსისგან", - შენიშნა ანთაძემ.

IPRM-ის მორიგი შეხვედრა 16 მაისს დაინიშნა.

2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დაკავების მცდელობისას 58 წლის თამაზ გინტური სასიკვდილოდ დაჭრეს, მასთან ერთად მყოფი 33 წლის ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს და სამ დღეში გაათავისუფლეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ევროპარლამენტმა 2023 წლის 23 ნოემბერს მიიღო რეზოლუცია თამაზ გინტურის მკვლელობაზე. რეზოლუციაში ევროპარლამენტარები კატეგორიულად გმობენ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას, მოითხოვენ საქმის საფუძვლიან გამოძიებას, დამნაშავეების დასჯასა და საოკუპაციო ძალების ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებას.