ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის(IPRM) 118-ე შეხვედრა მიმდინარეობს ერგნეთში. დღევანდელ შეხვედრაზე ქართული მხარე უკანონო „ბორდერიზაციისა" და უკანონო დაკავებების საკითხებს დააყენებს.
„დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილავთ წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებულ ყველა ინციდენტს. ესენი გახლავთ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და უკანონო ე.წ. დაკავებები. უკანონო „ბორდერიზაციის“ კუთხით, წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირდა სამი ფაქტი, რომელმაც მოიცვა გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტები. ეს გახლდათ უკანონო ინსტალაციების - მავთულხლართების - დამონტაჟებისა და განახლების პროცესი. ქარელის მუნიციპალიტეტში სოფელ კნოლევსა და სოფელ ჩოლიბაურის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხორციელდებოდა აღნიშნული პროცესი. რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტს, აღნიშნული პროცესი დაფიქსირდა სოფელ ზარდიანთკარის მიმდებარედ", - უთხრა მედიას შეხვედრის დაწყებამდე სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ.
რაც შეეხება უკანონო დაკავებებს, სუსის წარმომადგენლის თქმით, დღეის მდგომარეობით, უკანონო პატიმრობაშია საქართველოს ექვსი მოქალაქე. „დღევანდელ შეხვედრაზე მათი გათავისუფლება იქნება დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა", - განაცხადა ანთაძემ.
შეხვედრაზე ქართული მხარე ასევე შეეცდება გაარკვიოს გასული წლის 6 ნოემბერს სოფელ კირბალთან მოკლული თამაზ გინტურის საქმის დეტალები.
„დადგება საკითხი, არის თუ არა აღძრული საქმე თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით და გამოვლენილნი არიან თუ არა დამნაშავეები", - თქვა ირაკლი ანთაძემ.
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში 117-ე შეხვედრა მიმდინარე წლის 13 თებერვალს გაიმართა.