მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყანა ფინეთია

ფინელები ყველაზე ბედნიერი იყვნენ კორონავირუსის პანდემიის დროსაც.

20 მარტი ბედნიერების საერთაშორისო დღეა. ოქსფორდის უნივერსიტეტმა ამ დღეს გამოაქვეყნა ტრადიციული მსოფლიო ბედნიერების ანგარიში, რომელიც გაეროს მხარდაჭერით და სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციის თანამშრომლობით მზადდება.

2024 წლის ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყანა ფინეთია. მეორე ადგილზეა დანია, მესამეზე - ისლანდია, მეოთხეზე - შვედეთი და მეხუთეზე - ისრაელი. ბოლო, 143-ე ადგილზე ავღანეთია.

ბედნიერი ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო 91-ეა. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის საქართველოზე უფრო ბედნიერი სომხეთია(82). აზერბაიჯანი 101-ე ადგილზეა.

ანგარიში 2012 წლიდან მზადდება. მისი საფუძველია საზოგადოებრივი აზრის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის, Gallup-ის მიერ მსოფლიოს 140-ზე მეტ ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები. ბედნიერების ხარისხი განისაზღვრება რამდენიმე ფაქტორით, მათ შორის ცხოვრების საშუალო დონით, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით, სოციალური მხარდაჭერით, შემოსავლების დონით, ჯანმრთელობით და ქვეყანაში კორუფციის მაჩვენებლით.

ფინეთი ზედიზედ რამდენიმე წელია პირველ ადგილზეა. ფინელები ყველაზე ბედნიერი იყვნენ კორონავირუსის პანდემიის დროსაც.

ანგარიშის არსებობის ისტორიაში პირველად, ამერიკის შეერთებული შტატები და გერმანია წელს აღარ არიან ბედნიერი ქვეყნების პირველ ოცეულში. მათი ადგილები დაიკავეს კოსტა-რიკამ და ქუვეითმა.