უკრაინის მხრიდან იერიშების გამო რუსეთის ბელგოროდის ოლქიდან სხვა რეგიონებში გადაიყვანენ 9000-მდე ბავშვს. ამის შესახებ, როგორც კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასი“ წერს, ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა დღეს, 19 მარტს, განაცხადა პარტია „ედინაია როსიას“ გენერალური საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას. პრეზიდენტ პუტინის მხარდამჭერი ეს პარტია რუსეთის პარლამენტს აკონტროლებს.
რუსეთი უკრაინის არმიას ადანაშაულებს ბელგოროდის ოლქზე თავდასხმებში, რასაც კიევი უარყოფს. გუბერნატორ გლადკოვის თანახმად, 9000-მდე ბავშვს გაიყვანენ ქალაქ ბელგოროდიდან და ბელგოროდის, შებეკინოს და გრაივორონის რაიონებიდან.
გლადკოვმა დღეს ისიც თქვა, რომ გასული ერთი კვირის განმავლობაში ბელგოროდის ოლქში დაიღუპა 16 და დაშავდა 98 ადამიანი.
რუსეთი ზედიზედ მერვე დღეა აცხადებს, რომ უკრაინის ტერიტორიიდან გრძელდება შეტევა ბელგოროდის ოლქზე. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დილით სარაკეტო შეტევა იყო გრაივორონის ოლქზე, სადაც სკოლის და საავადმყოფოს შენობები დაზიანდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, დღის პირველ ნახევარში, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით, ბელგოროდის ოლქში „გაანადგურეს“ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „ვამპირის“ 9 რეაქტიული ჭურვი და 2 უპილოტო საფრენი აპარატი. სხვა წყაროებით ეს ცნობები გადაუმოწმებელია.
ასევე ნახეთ უკრაინაში პუტინის "სანიტარულ ზონას" საფრთხედ არ აღიქვამენრუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ბელგოროდის ოლქს უკრაინის ტერიტორიიდან უტევენ ამ ქვეყნის შეიარაღებული ძალები. ამას უარყოფენ ლეგიონი „რუსეთის თავისუფლება“, „მოხალისეთა კორპუსი“ და „ციმბირის ბატალიონი“, რომელთა თანახმად, საბრძოლო მოქმედებები უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ამ ჯგუფებმა პირველად 12 მარტს გამოაცხადეს, რომ უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის საზღვარი ერთობლივად გაარღვიეს ბელგოროდის და კურსკის ოლქებში. შეიარაღებული ფორმირებების წევრები ირწმუნებიან, რომ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი, უკრაინის მხარდამჭერი რუსი მოხალისეები არიან.
გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ ხელმძღვანელმა ალექსანდრმა, მოსახმობი სახელით „ფორტუნა“, დღეს, 19 მარტს უკრაინის ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა, რომ უკრაინასთან მოსაზღვრე რუსეთის რეგიონებში მიმდინარეობს შეტევის განვითარება და წინსვლა და საბრძოლო მოქმედებებში ჩართულია რუსი მოხალისეების მთელი რეზერვი.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპიკერმა ანდრი იუსოვმა ტელემარათონის ეთერში თქვა, რომ ეხმარებიან „რუსეთის მოხალისეთა კორპუსს“, ლეგიონს „რუსეთის თავისუფლება“ და „ციმბირის ბატალიონს“, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედებენ. იუსოვის განცხადებით, ეს ხალხი უკრაინას ეხმარება რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებაში და ფრონტის ბევრ ხაზზე გმირობას იჩენენ, ამიტომ, რა თქმა უნდა, უკრაინაც უნდა დაეხმაროს იმ რუსებს, რომლებიც იბრძვიან პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ და მისგან რუსეთის გასათავისუფლებლად.
რუსეთის ხელისუფლებას ლეგიონი „რუსეთის თავისუფლება“, „მოხალისეთა კორპუსი“ და „ციმბირის ბატალიონი“ ტერორისტულ ორგანიზაციებად ჰყავს გამოცხადებული. მოხალისეთა შეიარაღებულმა ჯგუფებმა უკრაინასთან მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქში რამდენიმე ოპერაცია ჩაატარეს 2023 წელსაც.