სტოლტენბერგის თქმით, საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმები

18 მარტი, 2024 წელი. თბილისი. ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი (მარცხნივ) და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე

თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„საქართველო არის ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი. დიდად ვაფასებთ იმ მნიშვნელოვან წვლილს, რომელიც თქვენ ნატოს მისიებსა და ოპერაციებში შეგაქვთ. ასევე, სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია! ნატო კვლავ მოუწოდებს რუსეთს, რათა გაწვეულ იქნეს საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის არჩევნების გამართვა სრულიად უკანონოა და ცხადია, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი“, - განაცხადა მან.

სტოლტენბერგი მიესალმება, რომ საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად იმყოფება ათასობით უკრაინელი, რომლებიც ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას იღებენ.

გენერალური მდივნის საუბრის ერთ-ერთი თემა შავი ზღვის უსაფრთხოებას ეხებოდა.

„დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე ნატოსთვის. რუსეთის ომმა რისკების წინაშე დააყენა შავ ზღვაზე ხომალდების ნავიგაცია და გლობალურად საფრთხე შეუქმნა სურსათის მიწოდების ჯაჭვს. თუმცა, ჩვენი მხარდაჭერით უკრაინამ საპასუხო მოქმედებები განახორციელა და დააზიანა რუსეთის ფლოტის მნიშვნელოვანი ნაწილი შავ ზღვაზე. ამ წარმატებამ უკრაინას მისცა იმის საშუალება, რომ განეახლებინა ხორბლის მიწოდება, რაც ამდენად მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის და სურსათის გლობალური უსაფრთხოებისთვის", - თქვა მან.

იენს სტოლტენბერგმა საქართველოსთან პარტნიორობის გეგმის განახლებაზე დასვა აქცენტი.

„ნატო-საქართველოს პარტნიორობა უკვე ძლიერია და დღეს განვიხილეთ ის, თუ როგორ შეიძლება მისი შემდგომი განვითარება. იანვარში შევთანხმდით საქართველოს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული პარტნიორობის გეგმის განახლების თაობაზე, რათა მოხდეს ჩვენი ურთიერთობის გაღრმავება - ნატოსა და საქართველოს შორის. ასევე, მივესალმები წინსვლას, რომელიც მიღწეულია ისეთ სფეროებში, როგორიცაა კრიზისების მართვა, კიბერუსაფრთხოება და სამხედრო ინჟინერია, - აღნიშნა მან და განაგრძო, - სულ რამდენიმე დღის წინ, თურქული საზღვაო ფრეგატი ეწვია ბათუმს საზღვაო დაცვის უწყებაში ქართველი კოლეგების გადამზადების მიზნით. ეს არის სწორედ იმის მაგალითი, თუ როგორ ვახორციელებთ პრაქტიკულ ინიციატივებს ერთობლივად, საზღვაო შესაძლებლობებისა და პოტენციალის გასაზრდელად. ეს მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე შავი ზღვის რეგიონისა და ნატოსთვის".

გენერალურმა მდივანმა კვლავ ახსენა ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება: „ნატო თქვენ გვერდით დგას უფრო ძლიერი დემოკრატიისა და სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ამ გვერდით დგომას ადასტურებს ბუქარესტის გადაწყვეტილებაც, რომლის თანახმადაც საქართველო ალიანსის წევრი გახდება".

სტოლტენბერგმა ილაპარაკა საქართველოში შიდა რეფორმების გატარების მნიშვნელობაზე.

„ევროკავშირის მიერ მონიჭებული კანდიდატის სტატუსი უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობაა თქვენი სტაბილურობისა და კეთილდღეობის გასაძლიერებლად. რასაც თქვენ აკეთებთ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, იგივე დაგჭირდებათ ნატოს სრულუფლებიანი მოკავშირეობისთვის. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააგრძელოს ადგილობრივი რეფორმების, დემოკრატიული ღირებულებებისა და სამართლის უზენაესობის გაძლიერება, მათ შორის, მიმდინარე წლის ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ორგანიზებით", - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

ასევე ნახეთ კობახიძე: საქართველო ნატოს ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორია

კობახიძის შემდეგ სტოლტენბერგი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს.

ნატოს გენერალური მდივანი საქართველოში ბაქოდან ჩამოვიდა და თბილისიდან ერევანში გაემგზავრება.