რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ელა პამფილოვამ „უპრეცედენტო“ და „სარეკორდო“ უწოდა საპრეზიდენტო არჩევნებში მოქალაქეთა აქტივობას. მოსკოვში დღეს, 18 მარტს, გამართულ პრესკონფერენციაზე პამფილოვამ განაცხადა, რომ აქტივობამ შეადგინა 77,44%, რაც რუსეთის უახლეს ისტორიაში(1991 წლიდან) არასდროს ყოფილა. როგორც პამფილოვამ თქვა, კენჭისყრაში მონაწილეოება მიიღო 87 113 127-მა „პატივცემულმა ამომრჩეველმა“.
რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, 2024 წლის 15-17 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რუსეთის ტერიტორიაზე რეგისტრირებული იყო 112 309 947 ამომრჩეველი, ხოლო საზღვარგარეთ - 1 890 863.
ელა პამფილოვამ „სარეკორდო“ უწოდა რუსეთის მოქმედი პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შედეგსაც - ხმების 87,29%-ს. საარჩევნო ადმინისტრაციის ეს მონაცემი ოქმების 99,76%-ის შეჯამების შედეგს ეფუძნება.
წინა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, პუტინმა ხმების 76,69%-ით გაიმარჯვა. 2000 წლიდან, როცა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის პრეზიდენტად კენჭი პირველად იყარა, ეს მისი მხარდაჭერის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.
რუსეთის დამოუკიდებელი მედია 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ წერდა, რომ უკრაინაში ომის ფონზე, კრემლის გეგმა იყო, ოფიციალური შედეგებით ეჩვენებინა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის ისტორიაში ამომრჩეველთა „უპრეცედენტო“ აქტივობა და პუტინის „უპრეცედენტო“ მხარდაჭერა.
ასევე ნახეთ პუტინს მიულოცეს კიმ ჩენ ინმა, რაჰმონმა, მადურომ, ორტეგამრუსეთის პრეზიდენტად კენჭს იყრიდა კიდევ სამი კანდიდატი: სახელმწიფო დუმის კომუნისტი დეპუტატი ნიკოლაი ხარიტონოვი, დუმის ვიცე-სპიკერი პარტიიდან „ახალი ხალხი“ ვლადისლავ დავანკოვი და „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკი. წინასწარი შედეგებით, ხარიტონოვს ხმა მისცა 4%-ზე მეტმა, ხოლო დავანკოვს და სლუცკის - 3-3%-ზე მეტმა.
დამოუკიდებელი დამკვირვებლების შეფასებით, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მასშტაბური დარღვევებით ჩატარდა, მათ შორის იყო საარჩევნო ურნებში ბიულეტენების ჩაყრა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა იძულება.
სამდღიანი კენჭისყრისას მოქალაქეების ნაწილი პროტესტს სხვადასხვა ფორმით გამოხატავდა. მათ შორის, არაერთ ქალაქში საარჩევნო ყუთებს საღებავი შეასხეს და უბნებზე ხანძარი გააჩინეს. რუსეთის შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, მსგავს ფაქტებზე სისხლის სამართლის 33 საქმე აღძრეს.
17 მარტს, კენჭისყრის ბოლო დღეს, რუსეთის და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართა საპროტესტო აქცია „შუადღე პუტინის წინააღმდეგ". მისი ინიციატორები იყვნენ ციმბირის კოლონიაში 2024 წლის თებერვალში გარდაცვლილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის თანამოაზრეები. დამოუკიდებელი უფლებადამცველი მედიაპროექტის, ОВД-Инфо-ს ცნობით, რუსეთის 21 ქალაქში სულ მცირე 86 ადამიანი დააკავეს. ყველაზე მეტი, 28 - ყაზანში.
ასევე ნახეთ (არ) კმარა პუტინი! - როგორი იყო რუსების პროტესტი საპრეზიდენტო არჩევნების ბოლო დღესვლადიმირ პუტინი მეხუთე ვადით ხდება რუსეთის პრეზიდენტი.
- რუსეთის კონსტიტუციით, 1991-დან 2020 წლამდე პრეზიდენტად კენჭისყრა ნებადართული იყო ზედიზედ მხოლოდ ორი ოთხწლიანი ვადით.
- პუტინის პირველი ორი ვადა მოიცავდა 2000-2008 წლების პერიოდს.
- 2008 წლის საკონსტიტუციო ცვლილებით, 2012 წლიდან არჩეული პრეზიდენტების უფლებამოსილების ვადა ექვს წლამდე გაიზარდა.
- ვლადიმირ პუტინი პირველი ექვსი წლის ვადით რუსეთის პრეზიდენტი გახდა 2012 წელს, მეორედ კი - 2018 წელს.
- 2020 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადები „განულდა“, რის საფუძველზეც, პუტინს კენჭისყრის შესაძლებლობა მიეცა კიდევ ორი ვადით - 2024 და 2030 წლებში.