საქართველოს უახლოეს დღეებში ნატოს გენერალური მდივანი ეწვევა

იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი კავკასიის სამ ქვეყანას ეწვევა უახლოეს დღეებში. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, სტოლტენბერგი ვიზიტს თბილისიდან იწყებს, ის აზერბაიჯანსა და სომხეთსაც ესტუმრება.

ვიზიტის შესახებ განცხადება იენს სტოლტენბერგმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, საქართველო ნატოს ფასეული პარტნიორია და ყველა ქვეყანას თავისი გზის არჩევა შეუძლია.

„საქართველოში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი. ჩვენი პარტნიორობის სამომავლო გაძლიერებისთვის უახლოეს მომავალში ქვეყანას კვლავ ვეწვევი. საქართველოსადმი ჩემი გზავნილია - რეფორმები, რაც, რასაკვირველია, მნიშვნელოვანია. ნატო ეფუძნება ღირებულებებს: დემოკრატია, კანონის უზენაესობა და მნიშვნელოვანია, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველო ამ სტანდარტებს შეესაბამებოდეს", – თქვა იენს სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალური მდივანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, 21 თებერვალს შეხვდა ბრიუსელში, მთავრობის მეთაურის რანგში პირველი ვიზიტის ფარგლებში. ერთობლივ პრესკონფერენციაზე მაშინ სტოლტენბერგმა თქვა, რომ მათი "სურვილია, საქართველოს სწორი მიმართულებით მოძრაობდეს. მეტი დემოკრატიისკენ და კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკურ ოჯახში სრულფასოვანი წევრობისათვის" და დასძინა, რომ "ნატო თქვენთან ერთად დგომას განაგრძობს ამ მისწრაფებების შესრულების პროცესში”.

ასევე ნახეთ "ჩვენი სურვილია საქართველოს სწორი მიმართულებით მოძრაობდეს" - სტოლტენბერგი კობახიძეს შეხვდა