პაპუაშვილი: დონორებს პასუხები აქვთ გასაცემი, რატომ ესხმიან თავს მათი ენჯეოები ქართულ მართლმსაჯულებას

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიუღებელია, როცა ქართულ მართლმსაჯულებას თავს ესხმიან ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან. ამის შესახებ მან შვეიცარიაში ვიზიტის დროს ისაუბრა ჟურნალისტებთან.

პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვებით, ამ არასამთავრობო ორგანიზაციების უკან დგანან შვედეთის განვითარების სააგენტო, ასევე ევროპის დემოკრატიული ფონდი, ამერიკის დემოკრატიის ფონდი, USAID. პაპუაშვილის განცხადებით, როცა ქართულ მართლმსაჯულებას "თავს ესხმიან" ის ორგანიზაციები, რომლებიც სრულად ფინანსდებიან უცხოეთიდან, მათი დამფინანსებლის პასუხისმგებლობაა დღის წესრიგში.

"დონორებს პასუხები აქვთ გასაცემი, მათი ენჯეოები რატომ ესხმიან თავს ქართულ მართლმსაჯულებას. აბსოლუტურად მიუღებელია, რომ უცხოური ფული იდებოდეს ქართული დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრაში", - თქვა მან.

შალვა პაპუაშვილმა ამით უპასუხა ხუთი არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებას, რომელშიც წერია, რომ ხელისუფლება "კლანის" წევრების კეთილსინდისიერების შემოწმებაზე უარით ევროინტეგრაციის პროცესს აფერხებს. მათი თქმით, ხელისუფლებამ დროულად უნდა აღიაროს სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები და დაიწყოს სწორედ იმ ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც ევროკომისიის მიერ დამტკიცებული 9 ნაბიჯითაა გათვალისწინებული. განცხადებას ხელს აწერენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა", "სასამართლოს გუშაგი", "დემოკრატიის მცველები", "სამოქალაქო საზოგადოების ფონდი".

ეს არ ყოფილა პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის პირველი შემთხვევა. 20 იანვარს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, შალვა პაპუაშვილმა ასევე ირიბად გააკრიტიკა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, USAID. მან სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონას ხატის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ილაპარაკა და თქვა, რომ ეკლესიაში ხატის შეურაცხყოფის კამპანიაში აქტიურად მონაწილეობენ ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები.

"ე.წ. ენჯეოსექტორი თითქმის სრულად არის დომინირებული პოლიტიკოსების მიერ, რომლებიც უცხოური დაფინანსებით პარტიულ პროპაგანდას ეწევიან. კიდევ უფრო ცინიკური იყო ის ფაქტი, რომ ამ კამპანიის ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი. ადამიანი, რომელიც რელიგიური შემწყნარებლობის იდეას უნდა ავრცელებდეს, თავად გახდა რელიგიური ნიშნით თავდასხმის კამპანიის სულისჩამდგმელი", - თქვა მაშინ პაპუაშვილმა.

მისივე განცხადებით, ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი ფინანსდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში.

გარდა ამისა, 2023 წლის 2 ოქტომბერს შალვა პაპუაშვილმა თქვა ისიც, რომ საქართველოს მთავარი პარტნიორის, აშშ-ის, დაფინანსება იხარჯება ქვეყანაში არეულობის მოწყობის ინსპირაციაში. მან მაშინ ჟურნალისტებს უთხრა, რომ USAID სკანდალში გაეხვა.

2 ოქტომბერს სუსში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ითქვა, რომ USAID-ის ​დაფინანსებულ ტრენინგზე გადაამზადეს დიდი ჯგუფი, "რომლებმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში".

"მნიშვნელოვანია ის, რომ ის ჩრდილი, რაც მიადგა ამერიკის დახმარებას საქართველოს მიმართ... გააკეთონ განმარტება, რატომ მიდის ამერიკელი ხალხის და გადასახადების გადამხდელების ფული სხვა ქვეყანაში არეულობის ინსპირაციის ან ჯგუფების მომზადებისთვის, რომლებმაც არეულობები უნდა დაგეგმონ და ძალადობის პროვოცირება უნდა მოახდინონ", - უთხრა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში.

ასევე ნახეთ პაპუაშვილი USAID-ს საქართველოში არეულობის ინსპირაციის დაფინანსებაში ადანაშაულებს