გამოქვეყნდა ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო უწყებისთვის" რუსეთის მიერ გაგზავნილი ნოტა

საილუსტრაციო ფოტო: რუსეთის სახელმწიფო დროშა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო დროშა

ტელეგრამ-არხი „აფხაზური პორტალი“ აქვეყნებს ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის რატიფიცირებასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყებისთვის გაგზავნილ ნოტას.

დოკუმენტში, როგორც მანამდეც იუწყებოდნენ, უკმაყოფილებაა გამოხატული ე.წ. პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

„რუსული მხარე გაეცნო კონსტიტუციური კანონის შინაარსს და მიიჩნევს, რომ მისი ზოგი დებულება ეწინააღმდეგება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ და მხარეებს შორის შეთანხმებულ ნორმებს, რომელთა მიღებაც არსებით საფუძველს წარმოადგენდა რუსეთის ფედერაციისთვის შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებაზე თანხმობის გამოსახატად და რომლის გარეშეც შეთანხმებას რუსული მხარის მიერ ხელი ვერ მოეწერებოდა“, - ნათქვამია დოკუმენტში.

კერძოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუთითებს აკრძალვაზე, რომლის თანახმადაც, მოსკოვი ბიჭვინთაში არსებულ ობიექტებს მესამე პირებს ვერ გადასცემს.

„ეს დებულებები ეწინააღმდეგება ხელშეკრულების 26-ე მუხლს, რომლის თანახმად, მისი მოქმედების შეწყვეტა "არ გამოიწვევს საკუთრების უფლების შეწყვეტას რუსეთის ფედერაციის მიერ შეძენილ ამ შეთანხმების შესაბამის ობიექტზე, მათ შორის ყველა მოძრავ და უძრავ ქონებაზე“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტაში.

ასევე ნახეთ რუსეთი აფხაზეთში ჩასვლას სახიფათოდ თვლის - წყენა ორივე მხარეს იზრდება

მოსკოვი უკმაყოფილოა ასევე შეთანხმების შესაძლო დენონსაციის პუნქტითაც.

„გარდა ამისა, კონსტიტუციური კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, კონსტიტუციური კანონის „მე-2 მუხლის შეთანხმების მხარის(ების) მიერ შეუსრულებლობა იწვევს შეთანხმების დენონსაციას. ამავდროულად, ხელშეკრულება, მისი 26-ე მუხლის შესაბამისად, იდება 49 წლით და ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი 15 წლით, თუ რომელიმე მხარე არ აცნობებს მეორე მხარეს წერილობით, საწყისი ვადის გასვლამდე მინიმუმ 6 თვით ადრე მისი შეწყვეტის განზრახვის თაობაზე“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ასევე ნახეთ ბიჭვინთა - „დაჩა“ პუტინისთვის?

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუთითებს, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ხელშეკრულების მოქმედება წყდება „მასში გათვალისწინებული წესით“.

„რუსული მხარე გამომდინარეობს იქიდან, რომ კონსტიტუციური კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების შესრულების შემთხვევაშიც კი, შეთანხმება ძალაში დარჩება საწყისი პერიოდის 49 წლის ან შემდგომი 15 წლის გასვლამდე პერიოდით. ამასთან დაკავშირებით, აფხაზური მხარის მიერ კონსტიტუციური კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ხელშეკრულების დენონსირება დროის სხვა პარამეტრებში წარმოადგენს შეთანხმების დარღვევას“, - ნათქვამია დოკუმენტში.

რუსული მხარე „აფხაზეთის ხელისუფლებისგან მოითხოვს, „დაადასტუროს თავისი ვალდებულების ერთგულება, შეასრულოს შეთანხმების ყველა დებულება გამონაკლისის გარეშე და მზადყოფნა, კეთილსინდისიერად შეასრულოს თავისი ვალდებულებები საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების საფუძველზე“.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტას ჯერ არ გამოხმაურებია.

ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. პარლამენტმა 27 დეკემბერს, გამთენიისას მოახდინა „რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმების“ რატიფიცირება, რომლითაც ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკი რუსეთს გადასცა.

ოპოზიციონერებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა დე ფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილებას "სამარცხვინო" უწოდეს და მისი გაუქმება მოითხოვეს.

  • 2022 წლის იანვარში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემული ობიექტი ბიჭვინთაში მოიცავს მოძრავ და უძრავ ქონებას (გარდა მიწის ნაკვეთებისა და ზღვის მონაკვეთისა). აფხაზური მხარე მას დოკუმენტის ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში უსასყიდლოდ გადასცემს რუსეთს.
  • რუსულ მხარეს 49 წლით ეძლევა მიწის ნაკვეთები, რომლებზეც მდებარეობს ობიექტი და ობიექტის მიმდებარე ზღვის აკვატორია. სანაცვლოდ რუსეთი თითოეულ ნაკვეთზე გადაიხდის ქირას, წელიწადში ერთ რუბლს.
  • რუსეთის მხარეს, აფხაზურ მხარესთან შეთანხმებით, იჯარით გაცემულ მიწის ნაკვეთებზე უფლება აქვს აწარმოოს კაპიტალური მშენებლობა. აშენებული შენობა-ნაგებობები რუსეთის მხარის საკუთრებაში იქნება.
  • დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსული მხარე იყენებს ობიექტს, მიწის ნაკვეთებს და ზღვის მონაკვეთს სახელმწიფო ღონისძიებების ჩასატარებლად, სახელმწიფო დაცვას დაქვემდებარებული პირების მონაწილეობით. ასევე - რეკრეაციული მიზნებისთვის.
  • მხარეები თანხმდებიან, რომ დოკუმენტი იდება 49 წლით და ავტომატურად გახანგრძლივდება შემდეგი 15 წლით, თუ რომელიმე მხარე დოკუმენტის ვადის ამოწურვამდე მინიმუმ ექვსი თვით ადრე წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს მისი შეწყვეტის განზრახვის შესახებ.
  • ხელშეკრულების შეწყვეტა არ გამოიწვევს მოძრავ და უძრავ ქონებაზე საკუთრების შეწყვეტას.