უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს, რომ რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე დრონებით დღევანდელი შეტევა უკრაინის სპეცოპერაცია იყო.
ბრიტანული BBC-ს უკრაინულ სამსახურს და გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვის პირობით უთხრა, რომ დღეს, 13 მარტს, უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს რუსეთის სამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას - ქალაქ რიაზანში, ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ქალაქ კსტოვოში და ლენინგრადის ოლქის ქალაქ კირიშიში.
რიაზანის და ლენინგრადის ოლქების ხელისუფლების წარმომადგენლებმა დრონებით დღევანდელი დარტყმები დაადასტურეს. ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ხელისუფლებას ქალაქ კსტოვოს ქარხანაზე შეტევის შესახებ დღეს არაფერი უთქვამს, განსხვავებით 12 მარტისგან, როცა ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ კსტოვოს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევის შედეგად ხანძარი გაჩნდა. ეს ქარხანა რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობკომპანია „ლუკოილს“ ეკუთვნის.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, მიმდინარეობს რუსეთის ეკონომიკური პოტენციალის შესამცირებლად დეტალურად გაწერილი სტრატეგიის რეალიზება. წყაროს თანახმად, უკრაინის ამოცანაა მოწინააღმდეგეს წაართვას რესურსები და შეუმციროს ნავთობით მიღებული ფულის და საწვავის ნაკადები, რომლებსაც რუსეთი ომის და უკრაინის მოქალაქეების მკვლელობისთვის იყენებს.
BBC-ს და „უკრაინსკა პრავდას“ წყაროს არაფერი უთქვამს რუსეთის როსტოვის ოლქში მდებარე ნავთოპროდუქტების ქარხანაზე. ამ რეგიონის გუბერნატორმა ვასილი გოლუბევმა დილით განაცხადა, რომ ქალაქ ნოვოშახტინსკთან ჩამოაგდეს 3 უპილოტო საფრენი აპარატი, დღის მეორე ნახევარში კი დააზუსტა, რომ დრონები ჩამოვარდა ნოვოშახტინსკის ნავთობპროდუქტების ქარხნის ტერიტორიაზე და „საწარმოს ტექნოლოგიური ობიექტები გაჩერებულია".
ასევე ნახეთ ბელგოროდიდან დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან, მათ შორის უშიშროების სამსახურის შენობაზეგამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ინფორმაციით, უსაფრთხოების სამსახურმა თავდაცვის ძალების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, დღეს დრონებით შეუტია რუსეთის სამხედრო ობიექტებსაც - ქალაქ ვორონეჟის აეროდრომს და ვორონეჟის ოლქის ქალაქ ბუტურლინოვკაში მდებარე საავიაციო ბაზას.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, დღეს დრონებით შეტევა იყო ათამდე ოლქზე, სადაც 60-ზე მეტი „უკრაინული“ უპილოტო საფრენი აპარატი „გაანადგურეს“.