ლარში აღებულ 180 ათასზე მეტ სესხზე პროცენტი მცირდება

შემცირებული პროცენტი ავტომატურად აისახება მომავალი თვიდან გადასახდელ თანხაში.

მომავალი თვიდან ლარში აღებულ სესხებზე ყოველთვიური შენატანი მცირდება. სესხის პროცენტის შემცირების გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა მიიღო მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ, 13 მარტის სხდომაზე.

მომავალი თვიდან რეფინანსირების განაკვეთი 0,75%-ით მცირდება და 8,25% გახდება. 2024 წლის იანვრის მონაცემებით, ლარში 183,5 ათასი სესხია გაცემული.

სესხის პროცენტის შემცირების გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა ქვეყანაში დაბალი ინფლაციითა და სტაბილური ლარის კურსით ახსნა.

"მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციური რისკები კვლავ არსებობს, მათი სიმწვავე შერბილებულია", - განმარტა ეროვნულმა ბანკმა.

შემცირებული პროცენტი ავტომატურად აისახება გადასახდელ თანხაში. ბანკში ხელშეკრულების განახლება არ არის საჭირო. ყველა მსესხებლისთვის ინდივიდუალურად შეიცვლება პირობები: ეს დამოკიდებულია დარჩენილ სესხსა და ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ოდენობაზე.

ასევე ნახეთ ველოდოთ ლარში აღებული სესხების გაიაფებას?

2024 წლის იანვრის მონაცემებით:

  • საქართველოში ბანკებს 51,84 მილიარდი ლარი აქვთ გასესხებული;
  • გაცემული სესხების თითქმის 55 პროცენტი ლარშია, დანარჩენი 45 კი უცხოურ ვალუტაში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 8 მაისს ჩატარდება.