ჯანდაცვის მინისტრის ორმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა

საილუსტრაციო ფოტო: ჯანდაცვის სამინისტროს შენობა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობები ილია ღუდუშაურმა და ირაკლი მხეიძემ დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ცნობითვე, მინისტრის პირველ მოადგილედ თამარ გაბუნია დაინიშნა, ორი მოადგილის თანამდებობა კი ჯერჯერობით ვაკანტური რჩება.

ჯანდაცვის ახალი მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გახდა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იგი მედიას 11 მარტს წარუდგინა. სარჯველაძე ამ დრომდე იყო საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე.

ასევე ნახეთ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე იქნება 

ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა 1 მარტიდან იყო თავისუფალი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ზურაბ აზარაშვილის გადაყენების მიზეზი კომუნიკაციის მიმართულებით შექმნილი პრობლემები იყო და ახსენა "რესპუბლიკური საავადმყოფო".

რამდენიმე დღის შემდეგ ზურაბ აზარაშვილმა ფეისბუკზე მადლობა გადაუხადა ყოფილ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს და გუნდს, რომელთან ერთადაც მუშაობდა. სამინისტროს მიღწევებზე საუბრის დროს მან ყურადღება გაამახვილა "რესპუბლიკურ საავადმყოფოზე", რომლის დანგრევის გადაწყვეტილებასაც უკავშირდება მისი თანამდებობიდან გადადგომა.