„ოსკარზე“ წარდგენილი ფილმებიდან საუკეთესოდ „ოპენჰაიმერი“ აღიარეს

მსახიობმა კილიან მერფიმ „ოსკარი” მოიპოვა ფილმ „ოპენჰაიმერში” შესრულებული როლისთვის

ამერიკის კინოაკადემიის პრემია „ოსკარი“ 7 ნომინაციაში მოიპოვა ფილმმა „ოპენჰაიმერი“. ამერიკელ ფიზიკოსზე, რობერტ ოპენჰაიმერზე გადაღებული დრამა კინოაკადემიამ საუკეთესო ფილმად აღიარა, მისი რეჟისორი კრისტოფერ ნოლანი კი - საუკეთესო რეჟისორად.

ფილმი სულ 13 ნომინაციაზე იყო წარდგენილი.

რობერტ ოპენჰაიმერის როლის შემსრულებელმა კილიან მერფიმ „ოსკარი“ მიიღო, როგორც საუკეთესო მსახიობმა მამაკაცმა. ამერიკელი ფიზიკოსი რობერტ ოპენჰაიმერი მეორე მსოფლიო ომის დროს ხელმძღვანელობდა „მანჰეტენის პროექტს“ - ატომური ბომბის პირველი ნიმუშების შექმნას, რის გამოც ხშირად „ატომური ბომბის მამად“ მოიხსენიებენ.

„ოპენჰაიმერში“ ატომური ენერგიის კომისიის ხელმძღვანელ ლუის შტრაუსის როლისთვის „ოსკარი“ მიიღო უმცროსმა რობერტ დაუნიმაც. მან მამაკაცის მეორე პლანის როლის საუკეთესო შემსრულებლის ნომინაციაში გაიმარჯვა.

„ოპენჰაიმერმა“ გაიმარჯვა ოპერატორის საუკეთესო ნამუშევრის, საუკეთესო მონტაჟის და საუკეთესო საუნდტრეკის ნომინაციებშიც.

ასევე ნახეთ „ოქროს გლობუსი“ მიიღო „ატომური ბომბის მამაზე“ გადაღებულმა ფილმმა

ამერიკის კინოაკადემიის პრიზებით დაჯილდოების 96-ე ცერემონია 10 მარტს ლოს-ანჯელესში გაიმართა.

ქალის საუკეთესო როლისთვის „ოსკარი“ მიიღო ემა სტოუნმა (ფილმი Poor Things). ქალის მეორე პლანის როლის საუკეთესო შემსრულებლის ნომინაციაში გაიმარჯვა დავაინ ჯოი რენდოლფმა (ფილმი The Holdovers).

ამერიკის კინოაკადემიამ საუკეთესო უცხოურ ფილმად აღიარა ბრიტანელი რეჟისორის, ჯონათან გლეიზერის The Zone of Interest - დრამა აუშვიცის (ოსვენციმის) საკონცენტრაციო ბანაკის კომენდანტის ოჯახზე.

საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის What Was I Made For (ფილმი Barbie) ოსკარი მიიღო ბილი აილიშმა.

ასევე ნახეთ „ოსკარით“ ფილმის, „20 დღე მარიუპოლში“ დაჯილდოება ცერემონიის მოკლე ვერსიაში ვერ მოხვდა
ასევე ნახეთ „20 დღე მარიუპოლში“ - უკრაინულმა დოკუმენტურმა ფილმმა „ოსკარი“ მიიღო