უკრაინაში დაიღუპა კიდევ ორი ქართველი მებრძოლი, ნოდარ ნასიროვი და გიორგი გოგიაშვილი

უკრაინაში დაღუპული მებრძოლები ნოდარ ნასიროვი და გიორგი გოგიაშვილი

უკრაინაში, საომარი ოპერაციისას დაიღუპა კიდევ ორი ქართველი მებრძოლი, ნოდარ ნასიროვი და გიორგი გოგიაშვილი - ინფორმაცია "ქართულმა ლეგიონმა" 9 მარტს გაავრცელა. ორივე "ლეგიონის" წევრი იყო და უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან იბრძოდნენ. როგორც "ქართული ლეგიონის" ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილი ამბობს, დაღუპულთა ცხედრები გამოყვანილია ფრონტის ხაზიდან.

"სამწუხაროდ, ფრონტის ხაზზე მოხდა უბედური შემთხვევა. საბრძოლო მასალის გადატანის დროს ამოტრიალდა საბრძოლო მანქანა და ორივე მებრძოლი გარდაიცვალა. იყვნენ პროფესიონალი სამხედროები, კარგად გამოიჩინეს თავი, გლოვის დღეა ქართულ ლეგიონში", - ამბობს მამუკა მამულაშვილი.

ნოდარ ნასიროვს, რომელსაც უკრაინელი მეუღლე ჰყავდა, უკრაინაში დაკრძალავენ, გიორგი გოგიაშვილს კი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ საქართველოში გადმოასვენებენ.

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე საომარ ოპერაციებს 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბოლოს 1 თებერვალს გავრცელდა ცნობა ორი ქართველი სამხედროს დაღუპვის შესახებ - ზურა წიკლაური და გოჩა ჟვანიაც "ქართული ლეგიონის" წევრები იყვნენ.

ასევე ნახეთ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები - 2022-2024