მათი თქმით, ერთი დღით ადრე, ადიგენის მართლმადიდებლები და მუსლიმები შეთანხმდნენ, რომ სახლს, რომელიც კერძო პირს ეკუთვნის, "მეჩეთად არ გადააქცევდნენ" და მუსლიმური ტრადიციით, ყოველ პარასკევს იქ ლოცვას არ ჩაატარებდნენ. ადგილზე შეკრებილთა მტკიცებით, ხუთშაბათს მათ სახლის მეპატრონისგან მიიღეს ეს პირობა, თუმცა პარასკევს ლოცვა მაინც ჩატარდა.
დღის ბოლოს ვიდეო გაავრცელა გამოცემა "ბათუმელებმა", სადაც ჩანს ორ მხარეს შორის მომხდარი დაპირისპირება. სახლთან მობილიზებული იყო პოლიცია, "ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით".
ვიდეოში ჩანს სახლთან შეკრებილი ხალხი, მათ შორის სასულიერო პირები, რომლებიც, სავარაუდოდ, შენობაში მყოფ სახლის მეპატრონეს, მერაბ მიქელაძეს ასე მიმართავენ:
"შენ ვინ ოხერი ხარ, გამოეთრიე და ხალხს ელაპარაკე! დედას ვფიცავარ, თუ არ დაგტოვო კოჭლი სამუდამოდ. არ გაქვს ჩვენთან სალაპარაკო? აბა ვისთან გაქვს? ვის ეუბნები შე ნაგლო კაცო მიბრძანდი აქედანო?"
მოგვიანებით, შეკრებილებთან მივიდნენ ადიგენის მერი, გოჩა ქიმაძე და სამცხე-ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე. ადიგენის მერმა შეკრებილებს მშვიდობისკენ მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ "თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება".
შეკრების შემდეგ მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორშაბათს, 11 მარტს სახლი, როგორც მეჩეთი ფუნქციონირებას აღარ გააგრძელებს. ამ შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ადიგენის მუნიციპალიტეტში მოღვაწე მართლმადიდებელი სასულიერო პირები, მუსლიმი თემიდან იმამი ჯამბულ კახაძე და სახლის მეპატრონე, მერაბ მიქელაძე.
სიტყვიერი შეთანხმება, ოფიციალურად, ორშაბათს უნდა გაფორმდეს, თუმცა არცერთი მხარე არ გამორიცხავს, 11 მარტსაც ადგილი ჰქონდეს "პროვოკაციის მცდელობას". მომხდართან დაკავშირებით, სამცხე-ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე კომენტარს არ აკეთებს და მხოლოდ ერთი წინადადებით შემოიფარგლება: "ჩვენ არ გვექვემდებარება, ეგ არის კერძო სახლი, რომელიც კერძო პირმა იყიდა და გააკეთა თვითნებურად".
ადიგენის მერის, გოჩა ქიმაძის თქმით, სახლს, აქამდე საგანმანათლებლო ფუნქცია ჰქონდა, ახლა კი ხალხი სალოცავად იკრიბება.
"ეს სახლი თავდაპირველად, როგორც მედრესე [სასულიერო სკოლა] ისე გაიხსნა, დაახლოებით ორი-სამი თვე დადიოდნენ ბავშვები, მერე დაითხოვეს და ახლა უკვე ხალხი იკრიბება და ლოცულობს. ლოცულობს ის ხალხი, ვისაც თავის სოფელში აქვს მეჩეთი. დაბაში არ ცხოვრობს არცერთი მუსლიმი, რისთვისაც შეიძლება, საჭირო იყოს მეჩეთის არსებობა მანდ. ამ ფაქტს ქრისტიანული მხარე აღიქვამს პროვოკაციად. სწორედ ამან გამოიწვია დღეს ამ ხალხის სპონტანური შეკრება. ჩვენ ველოდებით ახლა ორშაბათ დღეს", - აღნიშნა ადიგენის მერმა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სახლი, რომელიც დაპირისპირების მიზეზი გახდა, ხულოდან ადიგენში გადმოსულმა მერაბ მიქელაძემ იყიდა და ჯერ მედრესედ, მოგვიანებით კი მეჩეთის ფუნქციით დატვირთა.
მოგვიანებით, მუსლიმთა სამმართველომ განცხადება გაავრცელა, სადაც მომხდართან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს და მხარეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდეს.
"ვგმობთ და კატეგორიულად მიუღებელია ადამიანთა ეთნიკური და რელიგიური ნიშნით დევნა. აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება დაცულია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით. შესაბამისად, თითოულმა მოქალაქემ პატივი უნდა ვცეთ, როგორც კონსტიტუციას, ასევე ერთმანეთის ღირებულებებს, განსხვავებული ეთნოსისა და აღმსარებლობის ადამიანებს.
მივმართავთ სახალხო დამცველს და სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს დროულად მოიკვლიონ მომხდარი ფაქტი და მოახდინონ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, რათა მომავალში აღარ განმეორდეს მსგავსი შემთხვევები, რაც გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ქართულ ტოლერანტულ და შემწყნარებლურ ტრადიციას", - ნათქვამია განცხადებაში.
მედიასთან კომენტარს მხარეები არ აკეთებენ. ჟურნალისტებთან არ ურთიერთობენ ადგილობრივებიც.