ნიკა გვარამიას პოლიტიკურ გუნდს, რომელიც „ახლის“ სახელითაა ცნობილი, უერთდება ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი. ნიკა გვარამიამ სოციალური ქსელით გაავრცელა ერთობლივი ფოტო მინაწერით: „გამარჯობა ახალო“.
მაია კოპალეიშვილს მრავალწლიანი სამოსამართლო გამოცდილება აქვს. იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მისამართლე და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.
მუშაობდა საჯარო სექტორში, იუსტიციისა და განათლების მინისტრების მოადგილის პოზიციაზე.
წლებია კითხულობს ლექციებს სამართალში, არის თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი და აკადემიური საბჭოს წევრი.
მაია კოპალეიშვილი წარმოადგენდა საქართველოს პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელმაც განიხილა პრეზიდენტის მიერ მთავრობის უნებართვოდ უცხოეთში განხორციელებული ვიზიტების კონსტიტუციურობის საკითხი.
ამ ვიზიტების გამო მმართველმა პარტიამ, "ქართულმა ოცნებამ", სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო - სასამართლომ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ პარლამენტში საჭირო 100 ხმა ვერ მოაგროვა.
ნიკა გვარამიამ ახალი პოლიტიკური გუნდის ჩამოყალიბებების შესახებ გასული წლის 28 დეკემბერს ტელეკომპანია "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა და თქვა, რომ პოლიტიკური პროექტი, რომელშიც თავად აღმოჩნდება, "ახალ ადამიანებზე" იქნება დაფუძნებული.
რადიო თავისუფლება დაინტერესდა მაია კოპალეიშვილის გადაწყვეტილების მოტივით. „ახლის“ პრესსამსახურში გვითხრეს, რომ პარტიის პრეზენტაციამდე, რომელიც მალე გაიმართება, გუნდის წევრები კომენტარს არ აკეთებენ.
ასევე ნახეთ გვარამია: ჩემს მოკავშირედ მოვიაზრებ ყველას, ვინც თანახმაა და უნარიანია, იაროს ახალი და ეფექტიანი გზებითნიკა გვარამია ტელეკომპანია "მთავარი არხის" დამფუძნებელია. მედიაორგანიზაციაში თავისი წილებისა და გენერალური დირექტორის თანამდებობის დათმობის შესახებ დოკუმენტები დასარეგისტრირებლად საჯარო რეესტრში 27 თებერვალს შევიდა.
ნიკა გვარამია პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 22 ივნისს შეიწყალა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ უზენაესმა სასამართლომ განხილვაში არ მიიღო ადვოკატების სარჩელი და ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს მიუსაჯა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე.
ნიკა გვარამიას დაპატიმრების შემდეგ, საქართველოს რეიტინგი მედიის თავისუფლებაზე მომუშავე ორგანიზაციების ანგარიშებში მკვეთრად გაუარესდა - მედიის წარმომადგენლის პატიმრობა საქართველოსთვის იშვიათი პრეცედენტია.