ამერიკელები გააფრთხილეს მოსკოვში „ექსტრემისტებისგან“ მოსალოდნელი საშიშროების შესახებ

აშშ-ის საელჩო მოსკოვში

შეერთებული შტატების საელჩომ მოსკოვში მყოფ ამერიკელებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდა. საელჩოს ოფიციალურ საიტზე 7 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციით, აკვირდებიან ცნობებს, რომელთა თანახმად, „ექსტრემისტები“ გეგმავენ მოსკოვში მასობრივი ღონისძიებების, მათ შორის კონცერტების დროს თავდასხმების ორგანიზებას.

საელჩო აშშ-ის მოქალაქეებს ურჩევს, მომდევნო 48 საათის განმავლობაში თავი აარიდონ ხალხმრავალ ადგილებს, თვალყური ადევნონ ადგილობრივი მედიით გავრცელებულ ცნობებს და ყურადღებით დააკვირდნენ გარემოცვას.

აშშ-ის საელჩოს ეს გაფრთხილება რუსეთში დიდი ბრიტანეთის საელჩომაც გამოაქვეყნა და დაამატა, რომ ბრიტანელებს ურჩევენ, თავი შეიკავონ რუსეთში ნებისმიერი მოგზაურობისგან. დასავლეთის ამ სახელმწიფოების და რუსეთის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულია უკრაინაში ომის გამო.

რუსეთის ხელისუფლებას აშშ-ის საელჩოს პასუხად ჯერჯერობით არაფერი უთქვამს. როგორც რადიო თავისუფლების რუსული სამსახური წერს, დღეს, 8 მარტს, მოსკოვში დაგეგმილია ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ბევრი ღონისძიება.