ბათუმში შესული რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემი ნორვეგიულ კომპანიას ეკუთვნის - საზღვაო სააგენტო

საილუსტრაციო ფოტო: გემი Assia

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდი ASSIA ბათუმის ნავსადგურში ნამდვილად იმყოფებოდა და ის ნორვეგიულ კომპანიას ეკუთვნის.

უწყებას ამბის გარკვევის მიზნით რადიო თავისუფლებამ მას შემდეგ მიმართა, რაც 7 მარტს წყარომ ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, რომ რუსული დროშის ქვეშ მცურავი საზღვაო ხომალდი ASSIA ბათუმის ნავმისადგომებთან გამოჩნდა.

გემების გადაადგილების მონიტორინგის ვებსაიტზე, VesselFinder-ზე ჩანდა, რომ ბათუმის პორტში რუსული დროშით ტანკერი ASSIA 7 მარტს 10:58 წუთზე შევიდა. იგივე გემი ფოთის პორტში მიმდინარე წლის 30 და 31 იანვარს იმყოფებოდა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემის, „Assia (IMO 9624304)-ის" რეგისტრირებული მფლობელია ნორვეგიული კომპანია PB Norge AS (Company IMO: 5516016). გემი, გემის რეგისტრირებული მფლობელი კომპანია და ასევე კომერციული ოპერატორი კომპანია არ იძებნებიან სანქცირებული პირების ან კომპანიების ჩამონათვალში.

„ევროკავშირის 833/2014 დირექტივის თანახმად, რუსული დროშის ქვეშ მცურავ გემებზე არ ვრცელდება სანქციები გარკვეული პირობების დაცვის შემთხვევაში. მოცემულ შემთხვევაში, სანქციები არ ვრცელდება ნავთობპროდუქტებით დატვირთულ გემზე, თუ ტვირთი ფასების რეგულირების მექანიზმის გათვალისწინებითაა შესყიდული, რაც კონტროლდება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს პრესსამსახურში.

გემი ASSIA (IMO 9624304, MMSI 273356360) 2012 წელსაა აგებული და ქიმიკატებსა და ნავთობპროდუქტებს გადაზიდავს.