საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2023 წლის 7-8 მარტის საპროტესტო აქციების მონაწილე ახალგაზრდებს ორბელიანების სასახლეში შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს განცხადებას.
როგორც პრესრელიზში ვკითხულობთ, შეხვედრაზე პრეზიდენტმა ერთი წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენა და ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა "იმ სამოქალაქო აქტიურობისათვის, რომელმაც თავისი სიტყვა უკვე თქვა და საქართველოს ისტორიაში ჩაიწერა".
ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ წელს ბევრად მნიშვნელოვანი იქნება ახალგაზრდების ჩართულობა, არჩევნებზე მისვლა და არჩევნებში მონაწილეობისათვის მობილიზება.
,,თქვენი პასუხისმგებლობაა ეს გზავნილი მიიტანოთ სხვა ახალგაზრდებამდე და იმ ადამიანებამდე, ვინც დღეს საზღვარგარეთ სწავლობს და მუშაობს, რომ ამ საარჩევნო პროცესში მათი ხმა, თქვენს ხმასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
გასული წლის მარტში თბილისში რამდენიმე დღის განმავლობაში იმართებოდა აქციები იმ კანონპროექტების წინააღმდეგ, რომლებიც საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის, "ხალხის ძალის", მიერ იყო ინიციირებული. ამ კანონპროექტების მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტად" დარეგისტრირება მოუწევდა ყველა იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც შემოსავლის მინიმუმ 20 პროცენტს იღებდნენ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებისგან, მათ შორის აშშ-ის საელჩოდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან.
ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვეტილება შეცვალა. კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტმა მეორე მოსმენით 10 მარტს ჩააგდო.
აქციების შემდეგ დააკავეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდება წარუდგინეს.
ასევე ნახეთ ვინ არის ლაზარე გრიგორიადისი - „მოლოტივის კოქტეილის“ სროლის ბრალდებით დაკავებული ასევე ნახეთ გადაპარსული თმა, შიმშილობა, გაჭიანურებული პროცესი, ხელისუფლების თავდასხმები - როგორია ლაზარეს პატიმრობა