რუსეთის დაბომბვას და სარაკეტო დარტყმებს მსხვერპლი მოჰყვა მთელი უკრაინის მასშტაბით

რუსეთის დრონების იერიშის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი იმპროვიზებული მემორიალი ოდესაში, სადაც თავდასხმას ემსხვერპლა 12 ადამიანი, მათ შორის ბავშვები. 6 მარტი, 2024.

რუსეთი განაგრძობდა დარტყმების განურჩევლად მიყენებას უკრაინის სამოქალაქო არეალებისთვის, რასაც მსხვერპლი და მატერიალური ზარალი მოჰყვა, განაცხადეს 7 მარტს უკრაინის სამხედრო და რეგიონული ხელმძღვანელობის წარმომადგენლებმა.

დაბომბვის შედეგად მინიმუმ ორი ადამიანი დაიღუპა და 16 დაიჭრა უკრაინის ოთხ რეგიონში. კვლავ განხორციელდა სარაკეტო დარტყმა ოდესაზე, იტყობინება ოლქის ხელისუფლება 7 მარტს.

ხარკოვის ოლქის გუბერნატორის, ოლეჰ სინეჰუბის თქმით, რუსეთის რაკეტა Iskander-M-ს ემსხვერპლა 70 წლის მამაკაცი სოფელ ბოროვაში, სადაც ასევე დაიჭრა რვა მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ხუთი ბავშვი.

ასევე ნახეთ ოდესაში ვოლოდიმირ ზელენსკის კორტეჟზე სარაკეტო დარტყმის მცდელობა იყო

დონეცკის ოლქის გუბერნატორმა ვადიმ ფალაშკინმა განაცხადა, რომ ოლქში რუსეთის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა.

ხერსონის ოლქის გუბერნატორმა ოლექსანდრ პროკუდინმა თქვა, რომ რუსეთის მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად ოლქის მასშტაბით ოთხი ადამიანია დაჭრილი.

უკრაინელი სამხედროების თანახმად, რუსეთმა დარტყმა განახორციელა ოდესაზე, სავარაუდოდ ბალისტიკური რაკეტის გამოყენებით. დაზიანებულია საპორტო ინფრასტრუქტურა.

გუშინ ოდესაში რამდენიმე ადამიანი დაიღუპა რუსეთის სარაკეტო იერიშისას, რომელიც 500-800 მეტრის დაშორებით განხორციელდა იმ ადგილიდან, სადაც იმყოფებოდნენ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ოდესაში ვიზიტით ჩასული საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი.

ოლქის გუბერნატორმა ოლეჰ კიპერმა 7 მარტს ტელეგრამში დაწერა, რომ იერიშის შედეგად „ადამიანები დაიღუპნენ და დაიჭრნენ“. მას დეტალებზე არ უსაუბრია.