"დაგვეხვია ათამდე გამხეცებული ბიჭი" - ნატა ფერაძე ამბობს, რომ სოფელ დიღომში თავს დაესხნენ

სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე

სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე ამბობს, რომ სოფელ დიღომში, სადაც ორ აქტივისტთან ერთად იყო, ათამდე პირი თავს დაესხა. რადიო თავისუფლებასთან საუბარში იგი ჰყვება, რომ ადგილზე სათბურის დასაქირავებლად ჩავიდა, რა დროსაც აგრესიულად განწყობილმა პირმა მათთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება დაიწყო.

"გვინდოდა სათბური გვექირავებინა სეზონურად. ვკითხულობდით ფასებს. დიდი ვარაუდით, გააფრთხილეს... ამ თავდამსხმელმა იცოდა უკვე, ოღონდ ამას აერია, რომ სახლის ყიდვა გვინდოდა. სოფელი დიღმის ცენტრში, საცხობში, ავედით და გამოსულებს დაგვხვდა ერთი პირი, რომელიც ყვიროდა, რომ სოფელ დიღომში ჩემნაირი ეშმაკი ვერაფერს ვერ იყიდის ვერასოდეს.

ჩემთან ერთად იყო ორი ბიჭი, რომლებსაც აგინებდნენ სახელობითად, უნდოდათ აეგდოთ ჩხუბზე. კიდევ კარგი, ეს ბიჭები აქტივისტები არიან და არ აჰყვნენ ჩხუბს. მანქანაში რომ ვსხდებოდით, დაგვეხვია ათამდე გამხეცებული ბიჭი", - ჰყვება ფერაძე და ამატებს, რომ მანქანა არ დაზიანებულა, უფრო "აგრესიულად ურტყამდნენ".

მისივე სიტყვებით, თავდასხმის შემდეგ "20-30 მეტრში" პოლიციის განყოფილებაში მივიდნენ და განაცხადი დატოვეს. "გვითხრეს, რომ ვიდეოთვალით ამოიცნობენ ვინ იყო და ექნებათ რეაგირება", - ამბობს ფერაძე.

რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. მათი კომენტარი მიღებისთანავე აისახება ტექსტში.

ნატა ფერაძე მანამდეც გახდა ძალადობრივი ჯგუფის თავდასხმის და მუქარის მსხვერპლი.

პრორუსული „ალტ-ინფოს“ მიერ ორგანიზებული აგრესიული ჯგუფი მის სახლთან თებერვლის დასაწყისში მას შემდეგ მივიდა, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანდა საღებავშესხმული მატრონა მოსკოველის ხატი საბჭოთა ბელადის, სტალინის გამოსახულებით.

მოგვიანებით გაირკვა, რომ საღებავი ხატს სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ შეასხა. აქციაზე ისინი შეურაცხყოფას აყენებდნენ ნატა ფერაძეს.

ნატა ფერაძემ უსაფრთხოების უზრუნველყოფის თხოვნით პოლიციას უშედეგოდ მიმართა. რამდენიმე დღის განმავლობაში იგი თავის საცხოვრებელ ადგილს ასაიდუმლოებდა.

ნატა ფერაძემ 7 თებერვალს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ დატოვა წინასწარი დაკავების იზოლატორი. მოსამართლემ აქტივისტს პატიმრობა 2 თებერვალს შეუფარდა წვრილმანი ხულიგნობისთვის.

ასევე ნახეთ 5-დღიანი პატიმრობის შემდეგ ნატა ფერაძემ იზოლატორი დატოვა