უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ დღეს, 6 მარტს განაცხადა, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემ „სერგეი კოტოვზე“ შეტევის შედეგად დაიჭრა ეკიპაჟის სულ მცირე 27 წევრი და მოკლულია 7. უკრაინის სამხედრო დაზვერვის თანახმად, ინფორმაციის დაზუსტება გრძელდება.
რუსეთის ოფიციალური მონაცემებით, ამ საპატრულო გემის ეკიპაჟი 80 წევრისგან შედგება.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ 5 მარტს გამოაცხადა, რომ საზღვაო დრონებით(Magura V5) ქერჩის სრუტესთან დაარტყეს რუსულ საპატრულო გემს, „სერგეი კოტოვს", რომელიც განადგურებულია. სამხედრო დაზვერვამ სოციალური ქსელებით გაავრცელა ვიდეოც, რომელიც მისი ინფორმაციით, ასახავს „სერგეი კოტოვის" განადგურების ოპერაციას.
ასევე ნახეთ უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთს გაუნადგურა სამხედრო გემი „სერგეი კოტოვი“რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შავი ზღვის ფლოტის გემ „სერგეი კოტოვზე“ შეტევის შესახებ არაფერი უთქვამს.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა „სერგეი კოტოვზე“ იერიში მიიტანეს 2023 წლის სექტემბერშიც. სამხედრო დაზვერვამ მაშინ განაცხადა, რომ გემი დაზიანებულია.
2024 წლის თებერვალში, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინული წარმოების ე.წ. დამრტყმელი საზღვაო დრონებით(Magura V5) გაანადგურეს რუსეთის დიდი სადესანტო გემი „ცეზარ კუნიკოვი“.
ასევე ნახეთ რა ვიცით ხომალდ "ცეზარ კუნიკოვზე", რომელიც უკრაინის მტკიცებით შავ ზღვაში ჩაძირეს?