ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სამ "დეპუტატს" რუსეთის მოქალაქეობას ჩამოართმევენ

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პარლამენტი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პარლამენტის სამ წევრს: გარი მულდაროვს, დავიდ სანაკოევსა და ძამბოლატ მედოევს შესაძლოა რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვას. რადიო თავისუფლების პროგრამა "ეხო კავკაზას" მიხედვით, პოლიტიკოსებმა თავად დაადასტურეს მანამდე ტელეგრამის არხებში გავრცელებული ინფორმაცია.

როგორ სააგენტო „Сапа“ წერს, „დეპუტატებმა“ რუსეთის დაზვერვის ფედერალური სამსახურის 7 თებერვლის შეტყობინება გასულ კვირაში მიიღეს. მათი თქმით, მიზეზად „რუსეთის საზღვართან დაძაბულობის გაძლიერების მოქმედებები“ სახელდება. რაში მდგომარეობს ეს მოქმედებები, დოკუმენტებში არ არის მითითებული.

„დეპუტატებისთვის“ მოქალაქეობის ჩამორთმევა უპრეცედენტო ნაბიჯია რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობებისთვის, - წერს გამოცემა, - ცნობილია, რომ გარი მულდაროვი, დავიდ სანაკოევი და ძამბოლატ მედოევი საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის დადგენის იდეის მომხრეები იყვნენ, მულდაროვი სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიას ხელმძღვანელობდა. სანაკოევი რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობის გამო ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლომ დაკავების ორდერი გასცა. ორივე დეპუტატი სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი იყო".

მოსკოვის გადაწყვეტილებას „დეპუტატები“ „ქართულ ლობისტებთან“ აკავშირებენ.

„ამ „ინიციატივის“ მიზეზები, რომლებიც სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგაა მიმართული, ყველასთვის გაუგებარია. რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის არსებული განსაკუთრებული ურთიერთობების ფონზე ეს მხოლოდ გაურკვევლობას იწვევს. მე ამას რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების დათბობასთან და სამხრეთ ოსეთში ქართველი ლობისტების მუშაობასთან ვაკავშირებ. მე და ჩემი კოლეგები ჩვენს უფლებებს დავიცავთ ყველა კანონიერი გზით და მაქსიმალურად საჯაროდ“, - თქვა სანაკოევმა.

„სამწუხაროა, რომ ასეთ რთულ დროს ადგილობრივი „პოლიტიკოსები“ მოსკოვს აწვდიან ინფორმაციას, რის საფუძველზეც მიიღება ასეთი ანტირუსული და ანტიოსური გადაწყვეტილებები. სამხრეთ ოსეთი ალბათ რუსეთისთვის ყველაზე ახლო და მეგობრული სახელმწიფოა. ნათელია, რა დასკვნას გამოიტანენ საპარლამენტო დეპუტატებისთვის [მოქალაქეობის] ჩამორთმევის მცდელობიდან - რომ რუსეთი ტოვებს თავის მეგობრებს და პარტნიორებს. არ ვიცი რით ხელმძღვანელობდნენ ამ პროვოკაციის ორგანიზატორები, მაგრამ მოქმედებენ მხოლოდ საქართველოს და მისი დასავლელი კურატორების სასარგებლოდ“, - განაცხადა მულდაროვმა.

„ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა: სპეციალური სამხედრო ოპერაციისას (ასე უწოდებს რუსეთი ომს უკრაინაში. ავტ.) ეს ყველაფერი კეთდება ხალხის მიერ, რომელსაც სურს რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის განხეთქილება გამოიწვიოს“, - თქვა მედოევმა.

  • ცხინვალში პერიოდულად განიხილება საქართველოს საბჭოების ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა და საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოს No2 დეკრეტით სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნის იდეა, რომელიც დათარიღებულია 1922 წლის 20 აპრილით. იდეას ოპოზიციაში ყოფნისას მხარს უჭერდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ამჟამინდელი ლიდერი ალან გაგლოევი. ახლა ის ამბობს, რომ ასეთი საკითხების ცალმხრივად გადაწყვეტა რუსეთის გარეშე არ შეიძლება.
  • 2021 წელს „პარლამენტის“ ოპოზიციონერებმა განაცხადეს, რომ 2019 წელს დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა საქართველოს ლამის „აჩუქა „სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის“ 200 კვადრატულ კილომეტრზე მეტი. ბიბილოვი, რომელიც 2022 წლის „საპრეზიდენტო არჩევნებში“ დამარცხდა, შემდეგ ამტკიცებდა: 1922 წლის დეკრეტით სოფლები წნელისი და ჩორჩანა „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაა, მაგრამ ზოგი სოფელი „შესაძლოა საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩნდეს“. „ეს არის უშუალოდ მათი მომიჯნავე დასახლებები ან ტერიტორიები, როგორებიცაა გუჯაბარი, არცეუ, ორჭოსანი (გუჯაბაური, არცევი, ორჭოსანი. რედ.). ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ“, - თქვა მან 2021 წლის დეკემბერში.
  • ბიბილოვი ასევე ამბობდა, რომ რუსეთის ფედერაციამ "სამხრეთ ოსეთის" დამოუკიდებლობა 2008 წელს ცნო 1990 წელს არსებულ საბჭოთა საზღვრებში.
  • მოსკოვმა არაერთხელ მიუთითა „საქართველო-აფხაზეთსა“ და „ საქართველო-სამხრეთ ოსეთს“ შორის დე ფაქტო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის მნიშვნელობაზე. ამავე დროს, თბილისი აცხადებს, რომ „რუსეთის ფედერაციასთან საზღვრის დელიმიტაცია ერთიანი საქართველოს საზღვრებში მოხდება“.