ავღანეთსა და პაკისტანში სტიქიურ უბედურებებს ათობით ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანში, სვატის რეგიონში ზვავმა მინიმუმ შვიდი ადამიანი იმსხვერპლა. 3 მარტი, 2024.

დიდთოვლობისა და კოკისპირული წვიმების გამო მინიმუმ 80 ადამიანი დაიღუპა ავღანეთსა და პაკისტანში. ექსტრემალური ამინდი ორივე ქვეყანაში იწვევს ქაოსს.

უკანასკნელ დღეებში წყალდიდობის გამო დაიტბორა რამდენიმე დასახლებული პუნქტი და მოსახლეობა იძულებული გახდა, სახლები მიეტოვებინა. ქარბუქებისა და მეწყრების გამო მთიან რაიონებში ჩაიკეტა ძირითადი ავტომაგისტრალები.

ამჟამინდელი ნალექიანი პერიოდი მოჰყვა ხანგრძლივ და მშრალ ზამთარს, რომელიც უჩვეულოდ უნალექო ამინდით აღინიშნა.

5 მარტს პაკისტანის ახალარჩეულმა პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა მოინახულა სამხრეთში მდებარე ზღვისპირა ქალაქი გვადარი, რომელიც დაიტბორა მას შემდეგ, რაც 28 თებერვალს კოკისპირული წვიმები დაიწყო.

„ასობით სახლი დაიტბორა წყალდიდობით, რამაც ათასობით ადამიანი აიძულა, დაეტოვებინათ ქალაქი“, - თქვა ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენელმა აურანგზებ ბადინიმ.

ბადინიმ დასძინა, რომ წყალდიდობის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, ასევე წყალმა წაიღო ან დააზიანა 3200 სახლი გვადარსა და მის ახლომდებარე ქალაქებში, ჯივანისა და პასნიში.

Your browser doesn’t support HTML5

კლიმატის ცვლილება და მყინვარები - ფენოვანი 2.40

ვიზიტის დროს შარიფმა ფული, კარვები და სასურსათო დახმარება დაურიგა წყალდიდობით დაზარალებულ გვადარის მოსახლეობას.

პროვინციის სამაშველო სამსახურის მონაცემებით, 1000-მდე კილომეტრით მოშორებული ხიბერ-პახტუნხვის მთიან პროვინციაში წვიმებისა და თოვლის შედეგად დაიღუპა მინიმუმ 40 ადამიანი და 62 დაშავდა.

„ადამიანების უმრავლესობა დაიღუპა ან დაშავდა სახლების ჩამონგრევის გამო“, - შეატყობინა რადიო თავისუფლების პაკისტანურ რედაქციას სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა ბილალ ფაიზიმ.

მეზობელ ავღანეთში ამასწინანდელ დიდთოვლობას 39 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა სხვადასხვა პროვინციაში, ათეულობით ადამიანი დაშავდა.

„ამასწინანდელმა თოვლმა და წვიმამ სრულიად დაანგრია 637 სახლი, მოკვდა 14 ათასზე მეტი პირუტყვი“, - განაცხადა ჯანანა საიეყმა სტიქიურ უბედურებებთან ბრძოლის სამინისტროდან, რომელსაც თალიბანი ხელმძღვანელობს.

4 მარტს თალიბანის მაშველებმა გახსნეს სალანგის გვირაბი, რომელიც ავღანეთის ჩრდილოეთს დედაქალაქ ქაბულთან აკავშირებს.

ორი მეზობელი ქვეყანა განსაკუთრებით მტკივნეულად რეაგირებს კლიმატის ცვლილებებზე. იქ ხშირად ხდება მიწისძვრები, გვალვები, წყალდიდობები, მეწყრები და სხვა სტიქიური უბედურებები.