სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის ორი სარდლის დაპატიმრების ორდერი გასცა

2023 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ფოტოზე) გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის ფედერაციის ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) ჰააგაში ორდერები გასცა რუსეთის ორი მაღალი რანგის სამხედროს, შორეული ავიაციის სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ სერგეი კობილაშისა და შავი ზღვის ფლოტის სარდლის, ვიქტორ სოკოლოვის დასაპატიმრებლად.

საქმე ეხება უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს, რომელთა შედეგად ზიანი მიადგა სამოქალაქო ობიექტებს და მშვიდობიან მოსახლეობას. სასამართლოს ცნობის თანახმად, კობილაში და სოკოლოვი ეჭვმიტანილი არიან სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმების განხორციელებაში, სამოქალაქო პირებისა და სამოქალაქო ობიექტებისთვის გადაჭარბებული შემთხვევითი ზიანის მიყენებაში და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულში.

„არსებობს საკმარისი საფუძველი, დავასკვნათ, რომ მათ პირადად ეკისრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ზემოხსენებული დანაშაულებისთვის“, - ნათქვამია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ცნობაში. „იმისთვის, რომ ბრძანება გასცეს დანაშაულების ჩასადენად და/ან სათანადო კონტროლს არ ახორციელებდნენ იმ ძალებისა, რომლებიც მათ დაქვემდებარებაში იმყოფებოდა“.

ტექსტში აღნიშნულია, რომ სამხედროებმა შეიძლება პასუხი აგონ სარაკეტო დარტყმებისთვის, რომლებიც მათ დაქვემდებარებაში მყოფმა ძალებმა განახორციელეს უკრაინის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე მინიმუმ 2022 წლის 10 ოქტომბრიდან 2023 წლის 9 მარტამდე პერიოდში.

ასევე ნახეთ ომის ბავშვები - როგორ მიჰყავთ უკრაინელი პატარები რუსეთში

2023 წელს ICC-მ გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის ფედერაციის ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი. ისინი ეჭვმიტანილი არიან უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში ბავშვების დეპორტაციაში. მოსკოვი არ მონაწილეობს სასამართლოს მუშაობაში და აცხადებს, რომ არ ცნობს მის იურისდიქციას.

თებერვლის შუა რიცხვებში რუსეთის სამხედრო ბლოგერები იტყობინებოდნენ, რომ სოკოლოვი ფლოტის სარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც უკრაინამ ჩაძირა რუსეთის სადესანტო გემი „ცეზარ კუნიკოვი“. ოფიციალურად ეს არ დაუდასტურებიათ.