უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქერჩის სრუტესთან დაარტყეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საპატრულო გემს, „სერგეი კოტოვს", რომელიც განადგურებულია. ამის შესახებ დღეს, 5 მარტს განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ.
სამხედრო დაზვერვის თანახმად, ოპერაცია გასულ ღამით ჩაატარა სპეციალურმა ქვედანაყოფმა „Group 13-მა", უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებთან თანამშრომლობით და ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს მხარდაჭერით.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოში აცხადებენ, რომ საზღვაო დრონებით(Magura V5) დარტყმის შედეგად გაანადგურეს გემის კიჩო და მარჯვენა და მარცხენა ბორტები. სამხედრო დაზვერვამ სოციალური ქსელებით გაავრცელა ვიდეოც, რომელიც მისი ინფორმაციით, ასახავს „სერგეი კოტოვის" განადგურების ოპერაციას.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა გემ „სერგეი კოტოვზე“ იერიში მიიტანეს 2023 წლის სექტემბერშიც. სამხედრო დაზვერვამ მაშინ განაცხადა, რომ გემი დაზიანებულია.
2024 წლის თებერვალში, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინული წარმოების ე.წ. დამრტყმელი საზღვაო დრონებით(Magura V5) გაანადგურეს რუსეთის დიდი სადესანტო გემი „ცეზარ კუნიკოვი“.
ასევე ნახეთ რა ვიცით ხომალდ "ცეზარ კუნიკოვზე", რომელიც უკრაინის მტკიცებით შავ ზღვაში ჩაძირეს?უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრი იუსოვმა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს განუცხადა, რომ „სერგეი კოტოვზე“ დღევანდელი შეტევის შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები, რომელთა რიცხვი დაზუსტების პროცესშია. იუსოვის ინფორმაციით, გემზე, რომელიც კუნძულ ზმეინიზე თავდასხმაში მონაწილეობდა, რუსეთი გეგმავდა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების განთავსებას.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს „სერგეი კოტოვზე“ შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
რუსული ტელეგრამ-არხებით გავრცელებული ცნობებით, გასულ ღამით ყირიმზე დრონებით და რაკეტებით შეტევა იყო. რუსეთს ოფიციალურად არც ეს დაუდასტურებია.
ამასთან, ანექსირებული ყირიმის ე.წ. საინფორმაციო ცენტრის და რკინიგზის ტელეგრამ-არხებზე მიზეზის დაუსახელებლად გამოქვეყნდა ცნობები, რომ ყირიმის ხიდი დაკეტილია და გაჩერებულია 9 მატარებელი.