რუსეთში არარსებული ლგბტ ორგანიზაცია აკრძალეს და ექსტრემისტულად გამოაცხადეს

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ექსტრემისტული ორგანიზაციების რეესტრში შეიტანა „საერთაშორისო საზოგადოებრივი ლგბტ ორგანიზაცია“, რომელიც არ არსებობს. მანამდე, ნოემბერში, ეს არარსებული ორგანიზაცია რუსეთის უზენაესმა სასამართლომ აკრძალა, იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნით.

ექსტრემისტული ორგანიზაციების ნუსხიდან რომელიმე ორგანიზაციასთან თანამშრომლობა რუსეთში სისხლის სამართლის წესით ისჯება. აკრძალვასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი დახურული იყო. რადგან ორგანიზაცია არ არსებობს, სასამართლოს ვერც მისი წარმომადგენლები დაესწრებოდნენ.

კრემლის წყაროები აღნიშნავდნენ, რომ ლგბტ აქტივისტები ღონისძიებებს მართავენ, თვითორგანიზებას ეწევიან და ამდენად, შესაძლებელია, რომ მათი ერთობა არარეგისტრირებულ ორგანიზაციად ჩაითვალოს.

„მოძრაობის წევრებს აერთიანებს გარკვეული ხედვა, ჩვეულებები და ტრადიციები, მაგალითად - გეი-აღლუმები, მსგავსი ცხოვრების წესი (კერძოდ, სქესობრივი პარტნიორების შერჩევის თავისებურებები“), საერთო ინტერესები და მოთხოვნილებები, სპეციფიკური ენა“, - წერია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

არასრულწლოვნებში „ლგბტ პროპაგანდის“ აკრძალვის შესახებ კანონი რუსეთში 2013 წელს მიიღეს. ხოლო 2022 წელს ის ყველა ასაკობრივ ჯგუფზე გავრცელდა. ხელისუფლება დღემდე უარყოფს, რომ რუსეთში ლგბტ+ თემი იდევნება. 20 თებერვალს პუტინმა თქვა, რომ მათ შეუძლიათ იცხოვრონ „როგორც სურთ“ და „მათ არავინ არაფერში ზღუდავს“.