ზურაბ დათუნაშვილი: მივიღე გადაწყვეტილება, ჩავერთო პოლიტიკაში

მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი, 8 თებერვალი, 2019 წელი

ყოფილი სპორტსმენი, მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკაში ერთვება. ამის შესახებ ის ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ვიდეოში საუბრობს და ამბობს, რომ პოლიტიკაში ახალ გუნდთან ერთად ჩაერთვება.

"მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩავერთო პოლიტიკაში. არა იმიტომ, რომ სპორტსმენი ვიყავი, ვიღაცისთვის შეიძლება წარმატებული, ვიღაცისთვის შეიძლება წარუმატებელი. პოლიტიკაში ვერთვები იმიტომ, რომ მაქვს ჩემი ღირებულებები, შეხედულებები და ამაზე საუბარი შემიძლია ყველასთან და ყველგან. პოლიტიკაში ვერთვები ახალ, ვიმეორებ, ახალ საუკეთესო გუნდთან ერთად", - ამბობს ის.

ზურაბ დათუნაშვილმა რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია "მთავარი არხის" დამფუძნებელთან, ნიკა გვარამიასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. გვარამია ახალ პოლიტიკურ გუნდს აყალიბებს. მან 28 დეკემბერს "მთავარი არხის" ეთერში თქვა, რომ პოლიტიკური პროექტი, რომელშიც თავად აღმოჩნდება, "ახალ ადამიანებზე" იქნება დაფუძნებული.

ზურაბ დათუნაშვილი საქართველოს სახელით ორჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი. მან კარიერა სერბეთში გააგრძელა მას შემდეგ, რაც საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, გეგა გეგეშიძეს დაუპირისპირდა.

გეგა გეგეშიძე ძალადობის ბრალდებით 2019 წლის 22 იანვარს დააკავეს. ზურაბ დათუნაშვილის თქმით, ფედერაციის პრეზიდენტმა მას 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირების დროს, თავში რკინის ბლაგვი საგანი ჩაარტყა.

სასამართლომ გეგეშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა.

ასევე ნახეთ ინტერვიუ ზურა დათუნაშვილთან: პრობლემები, რაც საქართველოში მქონდა, მოტივაციად ვაქციე