ასეულობით ადამიანი ყვავილებით შეიკრიბა ღვთისმშობლის ხატის ტაძართან და ბორისოვოს სასაფლაოსთან მოსკოვში, სადაც რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, კოლონიაში დაუდგენელ ვითარებაში გარდაცვლილი ალექსეი ნავალნის დასაფლავების ცერემონიალი გაიმართება. ადგილზე არიან უშიშროების ძალებიც.
ვიდეოჩანაწერზე, რომელიც სასაფლაოს შესავლელთანაა გადაღებული, ჩანს, რომ ტერიტორიაზე შესვლა მკაცრად შეზღუდულია.
პოლიციის მიერ დაკრძალვაზე მისულთა საბუთებისა და პირადი ნივთების შემოწმებით ვითარება დაძაბულია.
ზოგიერთი მედიასაშუალების თანახმად, არეალში გათიშულია მობილური სატელეფონო კავშირი. სასაფლაოზე დაცვა დაკრძალვის წინა დღესვე გააძლიერეს. სასაფლაოს მახლობლად და მეტროს სადგურ „ბორისოვოსთან“ პოლიციის პატრულები დგანან - ორი-სამი ადამიანი. პერიმეტრზე ყოველ ლამპიონზე დააყენეს სათვალთვალო კამერები, მოამზადეს ლითონის ბარიერები, იტყობინება RusNews-ი.
ცერემონიალის დაწყება ადგილობრივი დროით 2 საათისთვისაა დაგეგმილი ტაძარში, მარიინოს რაიონში, სადაც ნავალნი ცხოვრობდა, იტყობინება პოლიტიკოსის პრესმდივანი კირა იარმიში და დასძენს, რომ დასაფლავება 4 საათზე შედგება ბორისოვოს სასაფლაოზე.
„სოტას“ თანახმად, ინტერნეტში გაჩნდა საიტი, სადაც შეიძლება ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი სანთლის „ანთება,“ და რომ იმ დროისთვის მათი რიცხვი უკვე 250 ათასზე მეტი იყო. მემორიალური ქსელის შევსების შემდეგ, იქ ნავალნის სურათი უნდა გამოჩენილიყო.
აშშ-ის საელჩომ ტელეგრამ-არხით ალექსეი ნავალნის ფოტოსთან ერთად გამოაქვეყნა ანა ახმატოვას ლექსი "რეკვიემი.“
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს გარდაიცვალა საგანგებო რეჟიმის კოლონია „პოლიარნი ვოლკში“. მისი სიკვდილის თაობაზე დასკვნაში ნათქვამია, რომ პოლიტიკოსი ბუნებრივი მიზეზებით გარდაიცვალა. სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ნავალნი 27-ედ მოათავსეს სადამსჯელო საკანში კიდევ უფრო მძიმე პირობებში, ვიდრე მანამდე. პოლიტიკოსის მომხრეები მიიჩნევენ, რომ ის მოკლეს. ნავალნის მეუღლემ, იულიამ, პირობა დადო, რომ ქმრის საქმეს გააგრძელებს.
ასევე ნახეთ ბომბები, „გრიზუნები“ და ბოდიშები - რას ამბობდა ნავალნი საქართველოზე სხვადასხვა დროს ასევე ნახეთ ვადიმ კრასიკოვი და მკვლელობის გეოპოლიტიკა