საგარეო პოლიტიკის წლიური ანგარიში, რომელიც ევროპარლამენტმა 28 თებერვალს დაამტკიცა, „ქართული ოცნების" მხრიდან მორიგი შეტევის საფუძველი გახდა. თბილისის მერმა, საქართველოს მმართველი პარტიის თავმჯდომარე კახა კალაძემ განაცხადა, რომ ის აზიანებს დასავლეთთან ურთიერთობებს.
„ზოგადად, ასეთი რეზოლუციები დამაზიანებელია იმ ურთიერთობებისთვის, რაც არსებობს, უბრალოდ შეურაცხმყოფელია. არაერთი რეზოლუცია გვინახავს, სადაც მძიმე რაღაცები იყო ჩაწერილი, შემდეგ მოგვიანებით გამოიკვეთა, თუ როგორ ხდებოდა აღნიშნული რეზოლუციების მიღება. ვიღაც თანხას იხდის, შემდეგ ინიღბება ლობიზმით და ხდება ასეთი რეზოლუციების მიღება. ეს ძალიან მძიმეა, აზიანებს იმ ურთიერთობებს, რაც არსებობს დასავლეთთან”, - განაცხადა კახა კალაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, „დადგა დრო, რომ ევროკავშირი ოფიციალურად გაემიჯნოს ევროპარლამენტარების ცილისმწამებლურ განცხადებებს. ჩვენი შეკითხვა ევროკავშირისადმი იმაზეა, იზიარებენ თუ არა ისინი ჩვენს საერთო ღირებულებებს, თუ ევროპარლამენტარების ვიწრო ინტერესებს ექვემდებარებიან".
პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ევროპარლამენტის ანგარიშის ჩანაწერს პოლიტიკურად ანგაჟირებული ევროპარლამენტარების ინიციატივა უწოდა.
ასევე ნახეთ კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ ევროპარლამენტთან ურთიერთობები პოზიტიურად განვითარდებაევროპარლამენტარის, ანა ფოტიგას („ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფიდან") ინიციატივით, პროექტში შეიტანეს შესწორება, რომელიც პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას ეხება: „[ევროპარლამენტი] იმეორებს თავის მოწოდებას, გათავისუფლდეს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილი სააკაშვილი ჰუმანიტარული ნიშნით და ახალისებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული შეწყალების უფლება, რაც წვლილს შეიტანს ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებაში".
ანგარიშში შევიდა ფოტიგას კიდევ ერთი შესწორება. კერძოდ, დოკუმენტში მკაცრად დაგმობილია ოჩამჩირეში, ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსეთის საზღვაო ძალებისთვის მუდმივმოქმედი სამხედრო ბაზის მშენებლობის გეგმა. ევროპარლამენტი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, რომ ასეთი უხეში დარღვევის დასასჯელად მხარი დაუჭიროს ყველა მოქმედებას საერთაშორისო სამართლის ფარგლებში.
ანგარიშის მიღების შემდეგ ანა ფოტიგამ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მიხეილ სააკაშვილი პუტინის პირადი მტერი და პატიმარია. „ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ის ციხეში დაიღუპოს".
დიდ ბრიტანეთში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Chatham House-ში გამართულ დისკუსიაზე სააკაშვილის შესახებ შეკითხვას უპასუხა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, სააკაშვილი ალექსეი ნავალნი არ არის. „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ სად იქნება [მიხეილ] სააკაშვილი. ის არ არის პოლიტიკური ოპონენტი ციხეში, პირდაპირ რომ გიპასუხოთ, ის არ არის [ალექსეი] ნავალნი. ის არის ყოფილი პრეზიდენტი, რომლის პრეზიდენტობის პერიოდში ბევრი ისეთი რამ მოხდა, არ ვიცი რა დავარქვა ამას... ვგულისხმობ, რასაც ახლა ვხედავთ და რასაც სხვადასხვა რეჟიმის, ავტორიტარული რეჟიმების დროს ვხედავდით, ადამიანის უფლებების დარღვევებს ციხეებში. ამას ყველაფერს ვხედავდით და ამაში გვიცხოვრია სააკაშვილის მმართველობის დროს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ასევე ნახეთ ზურაბიშვილი სააკაშვილზე: ის არ არის ნავალნიევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული რეზოლუცია 2023 წლის 15 თებერვალს დაამტკიცა. ევროპარლამენტარები შეახსენებდნენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ პატიმარი ექსპრეზიდენტის მიმართ „მოპყრობა ლაკმუსის ტესტია იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად ერთგულია საქართველოს ხელისუფლება ევროპული ღირებულებების და ევროპისკენ მის მიერ გაცხადებული სწრაფვის. მათ შორის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების".
ასევე ნახეთ "დაუწესდეს სანქციები ივანიშვილს" - ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია "სააკაშვილის მდგომარეობაზე"საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილს კიდევ სამ საქმეზე აქვს ბრალი წარდგენილი.
2022 წლის 12 მაისიდან ექსპრეზიდენტი კლინიკა „ვივამედში“ გადის მკურნალობის კურსს.