საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეები საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემას ვერ შეძლებენ

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა გაწყდა 2008 წლის ომის დროს.

17 მარტს, როცა რუსეთში პრეზიდენტს აირჩევენ, საქართველოს ტერიტორიაზე საარჩევნო უბნები არ გაიხსნება.

ამის შესახებ რადიო თავისუფლების კორესპონდენტს უთხრეს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. კომისიის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მიზეზი „ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის არქონაა“.

მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღება არ შედის კომისიის კომპეტენციაში, ის მიღებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა გაწყდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობისას, 2008 წლის ომის დროს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, სხვადასხვა მონაცემებით, საქართველოში ათიათასობით რუსი ჩავიდა.

„აგვისტოს ომის“ და დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ საქართველოში რუსეთის მოქალაქეებს არ ჰქონიათ თავიანთ ქვეყანაში გამართულ არცერთ კენჭისყრაში მონაწილეობის შესაძლებლობა.

ასევე ნახეთ „შუადღე პუტინის წინააღმდეგ“ - რა შეიძლება მოხდეს 17 მარტის არჩევნებზე, ზუსტად შუადღისას?!