ნიკა გვარამია "მთავარ არხში" თანამდებობას და წილებს თმობს

ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია ტელეკომპანია "მთავარ არხში" წილებსა და გენერალური დირექტორის თანამდებობას თმობს. დოკუმენტები ამ ცვლილებების დასარეგისტრირებლად საჯარო რეესტრში გუშინ, 27 თებერვალს, შევიდა.

იმ შემთხვევაში, თუ საჯარო რეესტრი დაარეგისტრირებს ამ ცვლილებებს, არხის გენერალური დირექტორი გახდება გიორგი გაბუნია. ის ნიკა გვარამიას დაპატიმრების დღიდან ასრულებს გენერალური დირექტორის მოვალეობას.

"მთავარ არხს" გენერალური დირექტორის გარდა, ეყოლება ორი დირექტორი - ისინი ყველაზე დიდი წილების მფლობელებმა დაასახელეს. ტელეკომპანიის მეწილეების გადაწყვეტილებით, ამ თანამდებობას დაიკავებენ გიორგი ქურდაძე და მანუჩარ ახალაია.

მანუჩარ ახალაია ამ თანამდებობაზე დაასახელა ბაკურ ჯახაიამ, გიორგი ქურდაძე - BGIM-მ, რომლის მფლობელიც ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილია.

საჯარო რეესტრში წარდგენილი დოკუმენტებითვე ირკვევა, რომ "მთავარ არხში" 12-პროცენტიან წილს ნიკა გვარამია გადასცემს თავის ცოლს, სოფო ლილუაშვილს.

წილების გასხვისებაზე გადაწყვეტილებების საჯარო რეესტრში ასახვის შემდეგ, "მთავარი არხის" მფლობელები იქნებიან (ახლანდელი მფლობელები):

  • სოფო ლილუაშვილი - 12%;
  • გიორგი რურუა - 2,5%;
  • "საქართველოს უნივერსიტეტი" - 2%;
  • ნიკოლოზ სისაური - 3%;
  • BGIM (ზაზა ოქუაშვილი) - 39,6%;
  • ბაკურ ჯახაია (უკრაინა) - 37%;
  • "ომეგა მოტორს ჯგუფი" - 0,2%;
  • "ომეგა მოტორს თბილისი" - 0,2%;
  • თეიმურაზ ვასილიძე - 1%;
  • მარი ანნა რურუა - 2,5%.

"მთავარი არხი" 2019 წლის 9 სექტემბრიდან მაუწყებლობს. ის ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დააფუძნა. არხის დაფუძნებამდე რამდენიმე კვირით ადრე დასრულდა რამდენიმეწლიანი სასამართლო პროცესები და "რუსთავი 2" საბოლოოდ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნეს.