გამოჰკითხეს ბათუმის კერძო სკოლის მფლობელი - მშობლის მტკიცებით, ბავშვზე იძალადეს

ბათუმი

ბელარუსის მოქალაქე 8 წლის მოსწავლეზე კლასელების მხრიდან სავარაუდო ძალადობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების გამო, ბათუმის კერძო სკოლის დამფუძნებელი პოლიციაში გამოჰკითხეს.

ზაურ სოლომონიძემ გამოკითხვის შემდეგ რადიო თავისუფლებასთან ბავშვზე კლასელების მხრიდან შესაძლო ძალადობა გამორიცხა. მისი თქმით, პირველკლასელი ბიჭი სკოლის გახანგრძლივებულ ჯგუფშიც დადიოდა, ის კლასში ასაკითაც და ფიზიკურადაც ყველაზე დიდი იყო. სკოლის დამფუძნებელი ბიჭის მშობლებს ცილისწამებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ პირველკლასელი მოსწავლის მშობლის მოქმედება სკოლის პედაგოგთან კონფლიქტით იყო გამოწვეული.

„ფაქტი სკოლამ გამოიკვლია და მშობლებს ყველაფერი შესთავაზა. ფაქტი კი ასეთი იყო: პირველკლასელები, 6 წლის ბავშვები, თამაშობდნენ და არავითარი ბულინგი არ ყოფილა.“

პირველკლასელზე სავარაუდო ძალადობის შესახებ თავდაპირველად ბავშვის დედამ ერთ-ერთ სოციალურ ქსელში დაწერა და თქვა, რომ სურდა სკოლის მხილება.

„მინდა დავიცვა ჩემი და თქვენი შვილები. ამ სკოლამ საშინელი ტრავმა მიაყენა ჩემს შვილს. მას სცემდნენ. პირში სჩრიდნენ ბინძურ ტილოს. აშიშვლებდნენ. ძალადობდნენ სხვა ბავშვებზეც. მასწავლებელი კი პრობლემაზე არ მალაპარაკებდა და მეუბნებოდა, რომ ის არანორმალურია“, - წერდა ქალი.

მისივე პოსტის თანახმად, „9 თებერვალს ბავშვს შესვენების დროს სკოლის საკლასო ოთახში ხუთი თანაკლასელი გოგო და ბიჭი დაესხა თავს, გახადეს შარვალი და შიშველს ქამარი ურტყეს. კლასში შესულმა შემცვლელმა მასწავლებელმა კი გაკვეთილის ჩატარება დაიწყო ისე, თითქოს არაფერი მომხდარა“. დედის თანახმად, მომხდარის შესახებ სხვა მშობლისგან შეიტყო და როდესაც ახსნა მოითხოვა, უპასუხეს, „ნუ ქმნით ტრაგედიასო“.

მცდელობის მიუხედავად, რადიო თავისუფლებამ ვერ შეძლო პირველკლასელი მოსწავლის დედის ჩაწერა, ვერც პოსტის გამოქვეყნების და ვერც მოწმეთა გამოკითხვის შემდეგ. მან დამატებით კომენტარზე უარი განაცხადა.

მოსწავლე უკვე გადაიყვანეს სხვა სკოლაში.

კერძო სკოლის დამფუძნებლის, ზაურ სოლომონიძის თქმით კი, პოლიციას „ბავშვის განსაკუთრებული ჩვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია“.

„სკოლის გამოკვლევით გამოიკვეთა ამ ბავშვის ორჯერ მცდელობა საკლასო ოთახში შარვლის გახდის და სხეულის ნაწილების ჩვენების. ამაზე მისი კლასელები, მასწავლებლები და მათი მშობლები საუბრობდნენ. მოსწავლის ამ მცდელობის აღკვეთა ერთხელ მოახერხა მასწავლებელმა. თუმცა კლასელების მხრიდან არანაირი ჩაგვრა არ ყოფილა“, - ამბობს ზაურ სოლომონიძე.

სკოლის მფლობელის თქმითვე, მშობელს ფსიქოლოგის დახმარება შესთავაზეს, რამაც დედის გაღიზიანება გამოიწვია.

„პოლიციისთვის ფოტოები მიუციათ, სადაც ბავშვს სხეულზე ჩალურჯებები აქვს, მაგრამ როდინდელი ფოტოა, ვინ იცის?“ - ამბობს ზაურ სოლომონიძე. მისივე ინფორმაციით, პოლიციამ უკვე გამოჰკითხა თხუთმეტი ბავშვის მშობლები და სკოლის მასწავლებლები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება მშობლების საჩივრის საფუძველზე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სისტემატურ ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.