პესკოვი: ნატო-რუსეთის ომი გარდაუვალი იქნება, თუ უკრაინაში დასავლური ჯარები გაიგზავნება

დმიტრი პესკოვი, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი

უკრაინაში დასავლეთის მიერ ჯარების გაგზავნის შემთხვევაში, ნატოსა და რუსეთს შორის ომი გარდაუვალი იქნება, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განუცხადა ჟურნალისტებს.

„ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვისაუბროთ არა შესაძლებლობაზე, არამედ გარდაუვალობაზე, ასე ვაფასებთ მას“, - უპასუხა პესკოვმა შეკითხვას, როგორ აფასებენ კრემლში ესკალაციისა და პირდაპირი კონფლიქტის რისკს უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნის შემთხვევაში.

პესკოვის სიტყვებით, ნატომაც უნდა შეაფასოს ამგვარი მოქმედების შედეგები და „უპასუხოს, რამდენად შეესაბამება ეს მათ ინტერესს, რაც მთავარია - მათი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესს“.

პესკოვის განცხადება პასუხია საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებაზე.

საფრანგეთის პრეზიდენტი არ გამორიცხავს სამომავლოდ უკრაინაში დასავლეთის სახმელეთო ჯარების გაგზავნას. ამის შესახებ, როგორც მედიასაშუალებები, მათ შორის სააგენტო AFP, გამოცემა Le Monde-ი და ტელეკომპანია CNN-ი იუწყებიან, ემანუელ მაკრონმა 26 თებერვალს, ღამით განაცხადა პარიზში, უკრაინის მხარდასაჭერად გამართული კონფერენციის შემდეგ. მაკრონის თქმით, დღეს ამ საკითხზე კონსენსუსი არ არსებობს, მაგრამ გამორიცხული არაფერია.

ასევე ნახეთ მაკრონი არ გამორიცხავს უკრაინაში დასავლეთის სახმელეთო ჯარების გაგზავნის შესაძლებლობას

რაც შეეხება კონკრეტულ გადაწყვეტილებას, საფრანგეთის პრეზიდენტის ინფორმაციით, შეიქმნება ახალი კოალიცია, რომელიც უკრაინას მიაწვდის საშუალო და შორ მანძილზე მოქმედების რაკეტებს და სხვა საბრძოლო მასალებს.

როგორც მაკრონმა თქვა, ყველაფერს გააკეთებენ, რათა რუსეთმა ომში გამარჯვება ვერ შეძლოს, რადგან ეს სჭირდება ევროპის უსაფრთხოებას და სტაბილურობას.

საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ მოწვეულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ გერმანიის კანცლერი, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პრემიერ-მინისტრები, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და აშშ-ის და კანადის წარმომადგენლები.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნატო და ევროკავშირის ქვეყნები თანხმდებიან, რომ უკრაინაში ჯარს არ გაგზავნიან.

ასევე ნახეთ ჩეხეთი და პოლონეთი გააგრძელებენ უკრაინის დახმარებას, მაგრამ არ აპირებენ ჯარის გაგზავნას