“შოვინისტები არანაირ პატივისცემას არ იმსახურებენ და ჩვენ ფეხზე არ უნდა დავუდგეთ იმას, ვინც ქართველებს მღრღნელებს უწოდებდა რუსეთ-საქართველოს ომის დროს. ისე კი, მშვიდად განისვენოს“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, რომელიც 26 თებერვალს ქვეყნის პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოვიდა და შემდეგ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.
როგორც რადიო თავისუფლების უნგრული სამსახური იუწყება, ორბანის ეს განცხადება მოჰყვა უნგრეთის პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, ბენს თორდაის ინიციატივას - მან მოუწოდა კოლეგა დეპუტატებს, რომ ფეხზე ადგომით და წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ხსოვნისთვის.
უნგრელი ოპოზიციონერის ინიციატივის პასუხად, მმართველი პარტია „ფიდესის“ არცერთი წევრი ადგილიდან არ განძრეულა, რამაც მათი ლიდერის, ვიქტორ ორბანის შექება დაიმსახურა.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა ბენს თორდაიმ "სამარცხვინო" უწოდა მმართველი პარტიის ამ საქციელს და "ფიდესს" პუტინის მიერ მოსყიდული უწოდა.
ოპოზიციის ლიდერმა რუსეთში, ალექსეი ნავალნიმ, რომელიც 16 თებერვალს ციხეში გარდაიცვალა, ქართველებს თავი სხვადასხვა დროს რადიკალურად განსხვავებული განცხადებებით დაამახსოვრა.
ნავალნის ყველაზე „მკვახე“ განცხადება რუსეთ-საქართველოს ომს უკავშირდება, როდესაც 2008 წლის 12 აგვისტოს თქვა, რომ რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს.
ასევე ნახეთ
ბომბები, „გრიზუნები“ და ბოდიშები - რას ამბობდა ნავალნი საქართველოზე სხვადასხვა დროსუფრო ადრე, თავის ბლოგპოსტში მან ქართველებს, „გრუზინების“ ანალოგიით, „გრიზუნები“ (რუსულად მღრღნელები) უწოდა.
ხუთი წლის შემდეგ, ნავალნიმ „ამერიკის ხმასთან“ თქვა, რომ შეცდა - არასწორი იყო, როცა ქართველებს შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა სხვა დანარჩენზე აზრი არ შეუცვლია.