რუსეთი ზრდის ავიაიერიშებისა და შეტევების რაოდენობას ტავრიის მიმართულებით - გენერალი ტარნავსკი

უკრაინის 93-ე ბრიგადის ჯარისკაცები ნიღბავენ სამხედრო ტექნიკას. 24 თებერვალი, 2024 წელი

რუსული არმია ზრდის სახმელეთო იერიშებისა და საჰაერო დარტყმების რაოდენობას ტავრიის (ხერსონის ოლქი) მიმართულებით, ხოლო უკრაინული ჯარები აძლიერებენ თავდაცვის ხაზს ავდეევკასთან ახლოს - განაცხადა 26 თებერვალს გენერალმა ალექსანდრ ტარნავსკიმ, ოპერატიული და სტრატეგიული ჯარების ჯგუფ „ტავრიის“ მეთაურმა.

"მტერი ზრდის საჰაერო დარტყმების რაოდენობას (45 გასული დღის განმავლობაში) და შეტევით ოპერაციებს (72 საბრძოლო შეტაკება - ყველაზე მეტი ბოლო ორი კვირის განმავლობაში). აგრესორმა ასევე განახორციელა 897 საარტილერიო შეტევა და 83 იერიში „კამიკაძე“ დრონებით", - წერს ტარნავსკი თავის ტელეგრამის არხში.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მარინკის მიმართულებით, რუსეთის არმიამ 40-ჯერ სცადა უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვის გარღვევა, ავდეევკასთან - 25-ჯერ, მახლობლად, ზაპოროჟიეში - 7-ჯერ.

როგორც გენერალი ტარნავსკის წერს, „რუსების შემდგომი წინსვლის თავიდან ასაცილებლად და მოწინააღმდეგისთვის უდიდესი დანაკარგების მიყენების მიზნით", უკრაინელი სამხედროები აძლიერებენ თავდაცვას ავდეევკის მიმართულებით.

ასევე ნახეთ

როგორ ტოვებდა უკრაინის არმია ავდეევკას. და რა მოხდა შემდეგ?

თვისსავე ცნობას გენერალმა ტარნავსკიმ დაამატა, რომ გუშინ ტავრიის მიმართულებით რუსეთის არმიის დანაკარგებმა (მოკლულებისა და დაჭრილების ) 447 ადამიანი შეადგინა. ასევე განადგურდა რუსეთის არმიის არაერთი სამხედრო ტექნიკა.

მანამდე დაჯგუფება „ტავრიის“ სპიკერმა დიმიტრი ლიხოვოიმ ჟურნალისტებს აცნობა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა უკან დაიხიეს ქალაქ ავდეევკის დასავლეთით მდებარე დასახლებულ პუნქტ ლასტოჩკინოდან.

ასევე ნახეთ

უკრაინის სარდლობამ დაადასტურა ავდეევკის დასავლეთით დაბა ლასტოჩკინოს დატოვება

უკრაინის სარდლობის წარმომადგენლის თქმით, რუსეთის არმიის ავიაციისა და არტილერიის დახმარებით მიმდინარე ინტენსიური იერიშების გამო, "უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკან დაიხიეს წინასწარ მომზადებულ პოზიციებზე."