რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი მოკლეს ჩეჩენი სეპარატისტების ყოფილი საველე მეთაურის, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის გერმანიაში მსჯავრდადებულ რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელში, ვადიმ კრასიკოვში, გაცვლაზე შეთანხმების მიღწევისთანავე. ამის შესახებ ოპოზიციონერის თანამებრძოლმა და საერთაშორისო ანტიკორუფციული ფონდის ხელმძღვანელმა მარია პევჩიხმა განაცხადა.
„15 თებერვალს, საღამოს, მივიღე დადასტურება, რომ მოლაპარაკებები [ნავალნის გაცვლაზე] მიმდინარეობს და ფინალურ ეტაპზეა, 16 თებერვალს ალექსეი მოკლეს“, - თქვა პევჩიხმა ვიდეომიმართვაში.
ნავალნის სიკვდილამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკული ტელეკომპანია Fox News-ის ყოფილ წამყვანთან, ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში, შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის პატიმრების გაცვლის შესახებ მოლაპარაკებებზე ისაუბრა. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვი ვადიმ კრასიკოვის გათავისუფლებას მოითხოვს. პუტინმა ეს დაადასტურა, კონკრეტული გვარების დაუსახელებლად.
„ზის ერთ ქვეყანაში, შეერთებული შტატების მოკავშირე ქვეყანაში, ადამიანი, რომელმაც პატრიოტული მოსაზრებებით მოკლა ევროპის ერთ-ერთ დედაქალაქში ბანდიტი. კავკასიის მოვლენების დროს, იცით, ეს ბანდიტი რას აკეთებდა? არ მინდა ამაზე საუბარი, მაგრამ მიწევს. ის ჩვენს ტყვედ აყვანილ ჯარისკაცებს გზაზე აწვენდა, შემდეგ კი მანქანით ზეგ გადაუვლიდა ხოლმე. ეს რანაირი ადამიანია? შეიძლება საერთოდ ადამიანი ეწოდოს? მაგრამ ერთმა პატრიოტმა, რომელმაც მისი ლიკვიდაცია მოახდინა ევროპის ერთ-ერთ დედაქალაქში. თავისი ნებით გააკეთა ეს თუ არა, ეს სხვა საკითხია“, - თქვა პუტინმა.
ასევე ნახეთ „აშშ-მა და გერმანიამ უნდა ჰკითხონ თბილისს“ - პუტინს ხანგოშვილის მკვლელის დაბრუნება უნდა
პევჩიხის სიტყვებით, რუსეთის პრეზიდენტს მკაფიოდ გააგებინეს, რომ კრასიკოვის მიღების ერთადერთი საშუალება მისი ნავალნიში გაცვლა იყო.
„აჰ, ასეა?! იფიქრა პუტინმა, ვერ ავიტან თავისუფალ ნავალნის და რადგან ისინი პრინციპულად მზად არიან კრასიკოვის გაცვლაზე, მაშინ უბრალოდ უნდა მოვიშოროთ ვაჭრობის საგანი“, - განაცხადა მარია პევჩიხმა ვიდეომიმართვაში.
ის ირწმუნება, რომ მოლაპარაკებებში ბიზნესმენი რომან აბრამოვიჩი მონაწილეობდა.
„უკვე ალექსეის მკვლელობის შემდეგ მომიყვნენ, რომ ნავალნის გაცვლის წინადადება პუტინთან რომან აბრამოვიჩმა მიიტანა - როგორც არაფორმალურმა მომლაპარაკებელმა, რომელიც ამერიკელ და ევროპელ ჩინოვნიკებს ელაპარაკებოდა, ამავდროულად როგორც პუტინის წარმომადგენელმა, ასეთი არაოფიციალური არხი კრემლთან კავშირში. რომან აბრამოვიჩს საერთო ნაცნობის მეშვეობით ვკითხე, როდის და რა ვითარებაში გააკეთა მან ეს, რაც პუტინმა თქვა? სამწუხაროდ, აბრამოვიჩმა ამ კითხვას არ უპასუხა, თუმცა არც არაფერი არ უარუყვია“, - დაამატა მან.
2021 წლის 15 დეკემბერს ბერლინის უმაღლესმა რეგიონულმა სასამართლომ 56 წლის რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვი დამნაშავედ ცნო ჩეჩენი ყოფილი საველე მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში. ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. მოსკოვმა განაცხადა, რომ კატეგორიულად არ ეთანხმება გერმანიაში მიღებულ გადაწყვეტილებას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხანგოშვილს ტერორისტი და „ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორისტული ბანდების ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი“ უწოდა.
- რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა 16 თებერვალს განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნიმ გასეირნების შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო, გონება დაკარგა, ექიმების მიერ მისი რეანიმირების მცდელობა კი უშედეგოდ დასრულდა. ოფიციალური სამედიცინო დასკვნით, გარდაცვალება გამოწვეული იყო „ბუნებრივი მიზეზებით".
- ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, 47 წლის ალექსეი ნავალნი, თაღლითობის და ექსტრემისტული ორგანიზაციის შექმნის ბრალდებებით, 19-წლიან სასჯელს იხდიდა იამალის ოლქის კოლონიაში.
- ნავალნი თავს მიიჩნევდა პუტინის რეჟიმის პოლიტიკურ პატიმრად. მას ასეთად მიიჩნევდნენ უფლებადამცველები და დასავლეთის სახელმწიფოები.
- „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებელი ალექსეი ნავალნი, რომელიც 2020 წლის აგვისტოს ბოლოს, რუსეთში მოწამლეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით, გერმანიაში მკურნალობის შემდეგ მოსკოვში 2021 წლის იანვარში დაბრუნდა და აეროპორტშივე დააკავეს.