საქართველოს მთავრობის სხდომის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი რამდენიმე დღეში ამოქმედდება.
„ეს არ არის თვეების ამბავი, ეს არის დღეების საკითხი, როდესაც ძალაში შევა - 30 დღე უწყვეტად, ერთი შესვლის განმავლობაში. იგივე რეჟიმი ჩვენ გვაქვს ჩინეთის მოქალაქეებისთვის", - განმარტა დავითაშვილმა.
ვიცე-პრემიერი ამბობს, რომ ჩინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით.
„შარშანვე იყო ამაზე საუბარი, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვისაც 2024 წლიდან ყოფილიყო უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ჩინეთში. ასეც მოხდა. ეს გადაწყვეტილება მალე შევა ძალაში. მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები, შესაბამისად ჩვენს მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება, ყოველგვარი ბარიერის გარეშე იმოგზაურონ ჩინეთში. ბუნებრივია, ეს ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირებს ნამდვილად შეუწყობს ხელს.
პირველ რიგში, ეს იქნება სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი. იცით, რომ ჩინეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია საქართველოსი. ჩვენი ქვეყნის ძალიან ბევრი მოქალაქე ეკონომიკური ურთიერთობებისთვის ჩინეთში მიემგზავრებოდა, მაგრამ ეს არ იყო ასეთი მარტივი. ვფიქრობთ, რომ უვიზო მიმოსვლა ამას ხელს შეუწყობს, გაამარტივებს და საქართველოდანაც მეტი ვიზიტორი იქნება ჩინეთში", - თქვა მან.
ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზო მიმოსვლის შემოღება პირდაპირი ავიარეისების გაზრდის შესაძლებლობას იძლევა.
„ეს ასევე კავშირშია ავიამიმოსვლის კიდევ უფრო წახალისებასთან. ჩვენ სულ ვსაუბრობდით ჩინეთის სხვადასხვა ავიაკომპანიასთან იმაზე, რომ მეტი პირდაპირი ფრენა იყოს ჩინეთის სხვადასხვა ქალაქთან. მხოლოდ ამ გზით ჩვენ შეგვიძლია რეალური, მნიშვნელოვანი რაოდენობის გენერირება ტურიზმის სექტორში და მნიშვნელოვანი წვლილი სწორედ ამან შეიძლება გამოიწვიოს. აქედან გამომდინარე, ეს [უვიზო მიმოსვლა] ამ კუთხითაც წამახალისებელი იქნება, - აღნიშნა დავითაშვილმა და დაამატა, - საერთოდ, ვფიქრობ, რომ ეს დინამიკა, რომელიც ჩინეთთან გვაქვს, ხელახლა დაიწყო ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურება გასულ წელს, მიმდინარე წელს კიდევ უფრო გააქტიურდება და შემდგომ წლებში პრაქტიკულ ეკონომიკურ შედეგებსაც მოგვიტანს".
26 თებერვალს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ჩინეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი დააწესა. მისი თქმით, ისინი ჩინეთში 30 დღის განმავლობაში შეძლებენ უვიზოდ ყოფნას. კობახიძემ ახალ გადაწყვეტილებას უწოდა საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების მნიშვნელოვანი, პრაქტიკული სიახლე.
ასევე ნახეთ კობახიძე: ჩინეთმა უვიზო რეჟიმი შემოიღო საქართველოს მოქალაქეებისთვისსაქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა 2023 წლის 11 სექტემბერს შემოიღო.
2023 წლის 31 ივლისს საქართველომ და ჩინეთმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ.
ასევე ნახეთ ირაკლი კობახიძე ჩინეთთან და აშშ-სთან სტრატეგიულ ურთიერთობებს ადარებსსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2024 წლის 23 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ჩინეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ურთიერთობებზე. მისი თქმით, საქართველოს მთავრობას აქვს თავისი მკაფიო ხედვები ორივე სტრატეგიულ პარტნიორთან.
მან შეადარა საქართველოსადმი ჩინეთისა და აშშ-ის დამოკიდებულება, ხაზგასმით აღნიშნა ჩინეთის მზარდი ინტერესი.
„მაგალითად, გვაქვს ძალიან გააქტიურებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ეკონომიკურ პროექტებში ძალიან აქტიურად არიან ჩართული ჩინური კომპანიები, რაც არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ სათანადოდ განხორციელდეს შესაბამისი პროექტები. გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ხელმოწერილი ჩინეთთან, რამაც ხელი შეუწყო ამ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. გვაქვს პირდაპირი ფრენები ჩინეთთან, ასევე ნახეთ, როდესაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო ჩასული ჩინეთში, მას უმაღლეს დონეზე მოუწყვეს დახვედრა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.