ზელენსკიმ და დასავლეთის რამდენიმე ლიდერმა უკრაინელ ხალხს გოსტომელის აეროპორტიდან მიმართეს

"ორი წლის წინ აქ მტრის ჯარებს ცეცხლით შევხვდით", - განაცხადა გოსტომელში ჩასულმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მიმართვაში

რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების მეორე წლის თავზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვა ჩაწერა კიევის მახლობლად მდებარე გოსტომელის აეროპორტში, სადაც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინელმა სამხედროებმა სასტიკი ბრძოლა გაუმართეს რუს მედესანტეებს.

„სწორედ აქედან უნდა დაწყებულიყო "კიევი და უკრაინა 3 დღეში". ორი წლის წინ აქ მტრის ჯარებს ცეცხლით შევხვდით. ორი წლის შემდეგ აქ ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს ვხვდებით“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

გოსტომელში ზელენსკისთან ერთად მყოფმა დასავლეთის რამდენიმე ლიდერმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე ხაზი გაუსვა გოსტომელისათვის ბრძოლის მნიშვნელობას, რამაც 2 წლის წინ მოწინააღმდეგეს კიევისკენ გაჭრის გეგმა ჩაუფუშა.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ აეროდრომს მოსკოვის წარუმატებლობისა და უკრაინის სიამაყის სიმბოლო უწოდა.

„ადამიანების გმირულმა საქციელმა შეცვალა ისტორიის გეზი. 24 თებერვალს ორი წლის წინ ერთი მათგანი აქ მოხდა“, - აღნიშნა მელონიმ.

უკრაინისათვის სოლიდარობის გამოსახატად 24 თებერვალს კიევში ჩავიდნენ დასავლელი ლიდერები, მათ შორის - იტალიის, კანადისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრები და ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი.

ასევე ნახეთ

ომის ორი წლის თავზე კიევში ჩავიდნენ დასავლელი ლიდერები

„კიევი გადარჩა. თქვენი გამბედაობა წინ გადაეღობა პუტინს. თქვენ არ შედრკით და არ გაიქეცით. უკრაინელი გმირების მცირე რაზმმა, ბოლო ტყვიამდე და ბოლო ამოსუნთქვამდე რომ იბრძოდა, დამპყრობელი უკუაგდო. თქვენ შეძელით რუსეთის შეტევის შეჩერება უკრაინის გულში. თქვენ გადაარჩინეთ თქვენი ქვეყანა, თქვენ გადაარჩინეთ მთელი ევროპა“, - განაცხადა ურზულა ფონ დერ ლაიენმა.

ასევე ნახეთ

120 ადამიანი დღეში. ჟურნალისტებმა უკრაინაში რუსეთის არმიის დანაკარგები ახალი მეთოდით შეაფასეს

24 თებერვალს დილით კიევში ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონიც ჩავიდა.
სოციალურ მედია X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ჯონსონმა დაწერა, რომ მას არ აქვს ეჭვი, რომ უკრაინელები გაიმარჯვებენ და განდევნიან პუტინის ჯარებს - „იმ პირობით, რომ ჩვენ უკრაინელებს გავუწევთ სათანადო სამხედრო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ დახმარებას“.

24 თებერვალს, მოგვიანებით, მელონი უმასპინძლებს ვიდეოკონფერენციას კიევიდან, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ „დიდი შვიდეულის“ ლიდერები, ხოლო პრეზიდენტ ზელენსკის მიიწვევენ დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად.