მსხვერპლი მოჰყვა უკრაინაზე დრონებით მორიგ თავდასხმას

დრონის დარტყმით ჩამონგრეული სახლი დნიპროში. 2024 წლის 23 თებერვალი

რუსეთის სამხედრო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით უკრაინაზე მორიგი იერიში მიიტანეს. ერთ-ერთი სამიზნე ოდესის ოლქი იყო.

უკრაინის თავდაცვის ძალების სამხრეთის სარდლობის მიერ გამთენიისას გავრცელებული ინფორმაციით, ოდესის ოლქში 9 დრონი ჩამოაგდეს. ერთ-ერთი დაეცა ოდესის სანაპირო ზონაში მდებარე საწარმოს შენობას და ნგრევა და ხანძარი გამოიწვია. მაშველებმა ნანგრევებში იპოვეს 3 დაღუპულის ცხედარი.

უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო დნეპროპეტროვსკის ოლქზეც. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ქალაქ დნიპროში დრონი მოხვდა მრავალბინიან სახლს. წინასწარი მონაცემებით, დაშავდა 8 ადამიანი, მათგან 7 ჰოსპიტალიზებულია. მაშველები ნანგრევებში მოყოლილთა ძებნას განაგრძობენ.

ასევე ნახეთ მედვედევმა ოდესას მიმართა, „სახლში“ - რუსეთში „დაბრუნდეს“

ხვალ, 24 თებერვალს ორი წელი შესრულდება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყებიდან.

  • რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
  • პრეზიდენტმა პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
  • უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
  • 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.