"ჩვენი სურვილია საქართველოს სწორი მიმართულებით მოძრაობდეს" - სტოლტენბერგი კობახიძეს შეხვდა

მარცხნიდან: ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და იენს სტოლტენბერგი ნატოს გენერალური მდივარნი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში მთავრობის მეთაურის რანგში პირველი ვიზიტის ფარგლებში ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. სტოლტენბერგმა ირაკლი კობახიძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და განაცხადა, რომ ალიანსი სრულად უჭერს მხარს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

სტოლტენბერგმა ისაუბრა უკრაინაში ომზე და აღნიშნა, რომ ამ კვირაში 2 წელი შესრულდება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან და ბრძოლის ველზე ვითარება უმწვავესია. მისი თქმით, ნატო განაგრძობს უკრაინის გვერდით დგომას ამასთან მადლობა გადაუხადა საქართველოს უკრაინისთვის ფინანასური და ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ნატოს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ისაუბრეს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე.

„ვიცი რომ ამას საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი არსებით ხიფათს შეიცავს ნაოსნობისთვის, ეს მსოფლიოში სურსათის უსაფრთხოებაზეც ახდენს გავლენას. ამიტომ მე მივესალმები შავი ზღვის განსანაღმად მოკავშირეების ძალისხმევას, რათა ის უფრო უსაფრთხო იყოს ნავიგაციისა და ვაჭრობისთვის“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა, რომელმაც დამატა რომ შეხვედრაზე განიხილეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის და მისი განვითარების საკითხები, მათ შორის მიესალმა კრიზისების მართვის, კიბერუსაფრთხოების, სამხედრო ინჟინერიასა და დაცული კომუნიკაციების განვითარების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს.

სტოლტენბერგის თქმით „ახლა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია გააგრძელოს და დააჩქაროს შიდა რეფორმები და მხარი დაუჭიროს დემოკრატიულ ღირებულებებს. ჩვენი სურვილია საქართველოს სწორი მიმართულებით მოძრაობდეს. მეტი დემოკრატიისკენ და კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკურ ოჯახში სრულფასოვანი წევრობისათვის. ნატო თქვენთან ერთად დგომას განაგრძობს ამ მისწრაფებების შესრულების პროცესში”.

იენს სოლტენბერგმა ირაკლი კობახიძეს მიულოცა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება.

თავის მხრივ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა ნატოს გენერალურ მდივანს ალიანსის შტაბ-ბინაში მასპინძლობისთვის და აღნიშნა, რომ მისი „პირველი ვიზიტი ბრიუსელში საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის რანგში იმის ნათელი დადასტურებაა, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს მიმართულება“.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და ამ რთულ დროს მოკავშირეებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა განაგრძოს უპრეცედენტო ერთობისა და მტკიცე ერთგულების დემონსტრირება.

„ნატომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, ალიანსთან ჩვენი თავსებადობის გაზრდაში. არც ჩვენ დაგვიკლია ძალისხმევა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ღირებულებები გაგვეთავისებინა, განგვეხორციელებინა ყოვლისმომცველი რეფორმების დღის წესრიგი და წინ წაგვეწია ჩვენი ინტეგრაციის პროცესი, მიუხედავად, შიდა თუ გარე უსაფრთხოების გამოწვევებისა. ამჟამად ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში რთული პერიოდი გვაქვს. წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. საფრთხის ქვეშაა პრინციპი, მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპა. საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია. ამ რთულ დროს მოკავშირეებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა განაგრძოს უპრეცედენტო ერთობისა და მტკიცე ერთგულების დემონსტრირება, წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის და საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიმართ. კიდევ ერთხელ მომეცით უფლება, რომ გავიმეორო ჩვენი მტკიცე ვალდებულება ნატო-საქართველოს პარტნიორობის მიმართ და გამოვხატო მადლიერება თქვენი მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ სამშაბათს, 20 თებერვალს მონაწილეობა მიიღო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაში, რომელიც ბრიუსელში, ევროპულ საბჭოში გაიმართა.

სხდომის შემდეგ პრემიერმა კობახიძემ, ჟოზეპ ბორელმა და ოლივერ ვარჰეიმ საერთო პრესკონფერენცია გამართეს.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში კობახიძე ასევე შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და ვროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას,