ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბაჟანია რუსულ სააგენტო ტასსთან ინტერვიუში აცხადებს, რომ სოხუმში დაინტერესებული არიან „საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობით“.
„მთლიანობაში ჩვენი სურვილი იქნებოდა გვქონოდა საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობა. ამის თქმა შემიძლია, ჩვენ საქართველოს ხალხთან არავითარი ანტაგონიზმი არ გვაქვს, ჩვენ პრეტენზიები გვქონდა მათთან ვინც ეს ომი გააჩაღა და მათთან, ვინც ამ ომში მონაწილეობდა. ამან შეცვალა ყველაფერი საფუძვლიანად“, - განაცხადა მან.
მისი სიტყვებით, დღეს „არსებობს დამოუკიდებელი აფხაზეთი, დამოუკიდებლობა, რომელიც მხარდაჭერილია რუსეთის ხელისუფლებისა და ხალხის მიერ“.
„ჩვენ განვითარების ჩვენი გზა გვაქვს და მას მივსდევთ. ამასთან დაინტერესებული ვართ საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობით, ეს ერთი ამბავია, მეორე ამბავი ისაა, რომ გვესმის ეს რამდენად არაა მარტივი“, - დასძინა მან.
ბჟანიას მაგალითებიც მოჰყავს „როდესაც ადამიანთა ჯგუფი არ იყო მზად ასობით წლის განმავლობაში არსებული რეალობის მისაღებად“.
„მაგალითად ავიარეისები, რომელიც სალონიკიდან (საბერძნეთი) სტამბოლში (თურქეთი) სრულდება, წერენ სალონიკი- კონსტანტინოპოლი, იყო ასეთი ფაქტი, კონსტანტინოპოლი ბერძნული მართლმადიდებლური ქალაქი იყო, მაგრამ ის ახლა ასეთი აღარაა, იყო ასე მაგრამ შეიცვლა, როდესაც ამას გაიგებენ საქართველოს ხელმძღვანელები, მაშინ ნორმალური ურთიერთობების დამყარების პროცესები სხვა დინამიკას შეიძენს“, - აღნიშნა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა.
ასევე ნახეთ ბორელი: გვინდა, საქართველოსა და უკრაინას საუკეთესო ურთიერთობები ჰქონდეთამასთან ბჟანიამ კვლავ მიანიშნა საქართველოს მთავრობის „პრაგმატულ მიდგომაზე“.
„ბოლო რამდენიმე წელია, უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის (ასე უწოდებს რუსეთი უკრაინაში ომს ) დაწყების შემდეგ, ჩემი აღქმით, ავლენდნენ ყველაფრის მიმართ პრაგმატულ მიდგომას. ისინი არ აჰყვნენ პროვოკაციას, რომელსაც უკრაინა ახვევდა თავს. უკრაინის ლიდერის მოწოდებებმა მეორე ფრონტის გახსნაზე მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, რომ ეს არის პოლიტიკური სიმწიფის ნიშანი. ასე მეჩვენება. მომავალში, თუ პრაგმატიზმს გამოიჩენენ, ვფიქრობ, ამით შეიძლება არასაჭირო ინციდენტების გამორიცხვა“, - განაცხადა ბჟანიამ.
„ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ გარკვეულ ძალებს - „გლობალური ომის პარტიას“ - უკრაინასა და დასავლეთში სურთ საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარებას მხოლოდ მშვიდობიანი გზით გეგმავენ.
განცხადებებს, რომ დასავლეთი მოუწოდებს საქართველოს ომისკენ, კატეგორიულად უარყოფენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, დასავლელი პოლიტიკოსები და დიპლომატები.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის 2022 წლის მარტში გაკეთებული განცხადება არაერთხელ გამხადა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების კრიტიკის საგანი.
რუსეთმა აფხაზეთი ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარა საქართველოსთან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. რუსეთის გარდა, აფხაზეთის „დამოუკიდებლობა" ცნეს ვენესუელამ, ნიკარაგუამ, ნაურუმ და სირიამ.