ბრიუსელში ვიზიტის ოფიციალური ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე კობახიძემ აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ მისი პირველი ვიზიტი ბრიუსელში საქართველოს მთავრობის მხრიდან ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის პრიორიტეტულობის დემონსტრირებაა. მთავრობის მეთაურმა შარლ მიშელს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად ჩართულობასა და მხარდაჭერას აფასებს. თავის მხრივ, შარლ მიშელმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უპრეცედენტო იმპულსი შექმნა და საქართველოს ხელისუფლება შემდგომი პროგრესის მისაღწევად აქტიურ მუშაობას აგრძელებს. კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ გაწევრიანების შემდეგ ეტაპებზე ევროკავშირის მხარდაჭერა ურყევი იქნება.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას. პრემიერ-მინისტრის თქმით, „საქართველოს მთავრობამ უკვე გაუგზავნა მოწვევა ეუთო/ODIHR-ის არჩევნების სადამკვირვებლო მისიას და ხელისუფლება უზრუნველყოფს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას".
მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს. პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ევროკავშირის კიდევ უფრო აქტიურად ჩართულობის საჭიროება აღნიშნა.
„ყველა თემაზე გვქონდა საუბარი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, მათ შორის, 9 პრიორიტეტი იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი", - უთხრა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას.
„როგორც ასოცირების საბჭოს ფორმატში, ასევე ორმხრივ შეხვედრებზე ჩვენ გვქონდა საუბარი არა მხოლოდ ზოგადად, თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებაზე, არამედ, კონკრეტულ პროექტებზეც იყო საუბარი. განსაკუთრებით გამოიყო შავი ზღვის კაბელის პროექტი და ასევე როუმინგის საკითხი. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ამ კონკრეტული პროექტების განხორციელება. ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას, ზოგადად თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით და ამ კონკრეტული პროექტების განხორციელების კუთხით“, - განაცხადა პრემიერმა.
ასევე ნახეთ საგარეო პოლიტიკაში თანხვედრის გაზრდა, ანტიდასავლურ რიტორიკასთან ბრძოლა - ბორელმა კობახიძესთან პრიორიტეტები დაასახელაპრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ სამშაბათს, 20 თებერვალს მონაწილეობა მიიღო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაში, რომელიც ბრიუსელში, ევროპულ საბჭოში გაიმართა.
სხდომის შემდეგ პრემიერმა კობახიძემ, ჟოზეპ ბორელმა და ოლივერ ვარჰეიმ საერთო პრესკონფერენცია გამართეს.
ასევე ნახეთ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში როუმინგის ხარჯები შეუმცირდებათ - ევროკომისარი ასევე ნახეთ ბორელი: გვინდა, საქართველოსა და უკრაინას საუკეთესო ურთიერთობები ჰქონდეთ