ალექსეი ნავალნის დედამ, ლუდმილა ნავალნაიამ, ვიდეომიმართვა ჩაწერა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისადმი, რომელშიც შვილის ცხედარის გადაცამა მოითხოვა. ვიდეო გამოქვეყნდა YouTube-ის არხზე Навальный LIVE.
„ჩემ ზურგს უკან კოლონია ИК-3 „პოლარული მგელია“, სადაც 16 თებერვალს დაიღუპა ჩემი შვილი ალექსეი ნავალნი, მეხუთე დღეა მას ვერ ვნახულობ, მის ცხედარს არ მაძლევენ და იმასაც არ მეუბნებიან სად არის ის. მოგმართავთ თქვენ, ვლადიმირ პუტინ, საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. მომეცით ბოლოს და ბოლოს ჩემი ვაჟის ნახვის საშუალება. მოვითხოვ დაუყოვნებლივ გადმომცეთ ალექსეის ცხედარი, რომ ადამიანურად დავკრძალო“, - ამბობს ლუდმილა ნავალნაია.
გუშინ ის სალეხარდის მორგში შეუშვეს, სადაც სავარაუდოდ პოლიტიკოსის ცხედარი უნდა ყოფილიყო. თუმცა, ლუდმილა ნავალნაია ადვოკატთან ერთად „პრაქტიკულად გამოაძევეს“ მორგის შენობიდან, წერს რადიო თავისუფლების პროგრამა "სევერ რეალიი".
ნავალნი16 თებერვალს კოლონიაში გარდაიცვალა, საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლებმა, რომლებიც გამოძიებას აწარმოებენ პოლიტიკოსის გარდაცვალების საქმეზე, ლუდმილა ნავალნაიას, უთხრეს, რომ ცხედარი ექსპერტიზაზე გაგზავნეს, რომელიც 14 დღეს გასტანს. ამის შესახებ პოლიტიკოსის პრესმდივანმა კირა იარმიშმა 19 თებერვალს განაცხადა.
ნავალნის დედამ პუტინის მიმართ წერილობითი განცხადებაც დაწერა. ნავალნის მიერ დაარსებული ანტიკორუფციული ფონდის დირექტორმა ივან ჟდანოვმა კი განაცხადა, რომ სალეხარდის სასამართლოში განცხადება შეიტანეს საგამოძიებო კომიტეტის მიმართ ცხედრის გადაცემასთან დაკავშირებით უმოქმედობაზე.
ნავალნის თანამოაზრეები ამბობენ, რომ პოლიტიკოსი მოკლეს. მისმა ქვრივმა იულია ნავალნაიამ მომხდარში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაადანაშაულა. კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ამ განცხადებას „აბსოლუტურად უსაფუძვლო, უაზრო ბრალდებად მიიჩნევს“.
19 თებერვალს ევროკავშირმა მოუწოდა რუსეთს დაუშვას საერთაშორისო გამოძიება ნავალნის გარდაცვალების საქმეზე. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებმა რუსეთის ელჩები გამოიძახეს პოლიტიკოსის გარდაცვალების ირგვლივ შექმნილი ვითარების ახსნა-განმარტებისთვის.
ოპოზიციონერი ლიდერი, 47 წლის ალექსეი ნავალნი თაღლითობის და ექსტრემისტული ორგანიზაციის შექმნის ბრალდებებით, 19-წლიან სასჯელს იხდიდა იამალის ოლქის კოლონიაში. ნავალნი თავს მიიჩნევდა პუტინის რეჟიმის პოლიტიკურ პატიმრად. მას ასეთად მიიჩნევდნენ უფლებადამცველები და დასავლეთის სახელმწიფოები.
„კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებელი ალექსეი ნავალნი, რომელიც 2020 წლის აგვისტოს ბოლოს, რუსეთში მოწამლეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით, გერმანიაში მკურნალობის შემდეგ მოსკოვში 2021 წლის იანვარში დაბრუნდა და აეროპორტშივე დააკავეს.
ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო პუტინს დააკისრეს პასუხისმგებლობა რუსეთის ოპოზიციამ და დასავლეთის სახელმწიფოებმა.