სოხუმის აეროპორტის ტერიტორიაზე ძველი შენობების დემონტაჟი დაიწყეს

სოხუმის აეროპორტის მიმართულების მაჩვენებელი

სოხუმის აეროპორტის ტერიტორიაზე ინვესტორმა ამორტიზებული შენობების დემონტაჟი დაიწყო, უახლოეს პერიოდში ადგილზე სამშენებლო ტექნიკასაც შეიყვანენ, ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრმა ჯანსუხ ნანბამ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტთან ასლან ბჟანიასთან შეხვედრისას განაცხადა.

ბჟანიას პრესსამსახურის ინფორმაციით მან „მინისტრს“ სამშენებლო სამუშაოების გეგმისა და გრაფიკის წარდგენა დაავალა.

შეხვედრაზე, რომელშიც „მთავრობის“ წევრებიც მონაწილეობდნენ საწვავის ბაზარზე არსებული ვითარებაც განიხილეს.

2023 წლის შემოდგომაზე გახდა ცნობილი, რომ სოხუმის აეროპორტს აღადგენს შპს „ინფრასტრუქტურის განვითარება“, რუსეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ამჟამად რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის რაშიდ ნურგალიევის ვაჟის, რაშიდ რაშიდოვიჩ ნურგალიევის კომპანია.

ასევე ნახეთ "მონური ხელშეკრულება" - სოხუმის აეროპორტი 49 წლით რუსეთის მართვაში გადავა

ასლან ბჟანიას თქმით, სოხუმის აეროპორტიდან ტექნიკური ფრენები 2024 წლის ივლისიდან დაიწყება, აეროპორტის გახსნა 2024 წლის დეკემბრის ბოლოსაა ნავარაუდევი.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს, რადგან ის აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ოკუპირებული აფხაზეთის თავზე ცის გახსნა საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე შეუძლებელია, რადგან ეს საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგება. ICAO-მ 2006 წლიდან გააუქმა აეროპორტის კოდი და დოკუმენტებიდან ამოიღო მის შესახებ ინფორმაცია.