უკრაინამ დაიწყო ავდეევკაში სამხედრო ტყვეთა შესაძლო დახვრეტის გამოძიება

ომით განადგურებული ქალაქი ავდეევკა

უკრაინა იძიებს დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკაში რუსი სამხედროების მიერ უკრაინელი ტყვეების შესაძლო დახვრეტას. უკრაინის თავდაცვის ძალებმა ავდეევკიდან გასვლა 17 თებერვალს დაიწყეს.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ დონეცკის საოლქო პროკურატურის ხელმძღვანელობით დაწყებული გამოძიების საფუძველია ერთ-ერთი ტელეგრამ-არხით 18 თებერვალს გავრცელებული ცნობა, რომ ავდეევკაში, ერთ-ერთ პოზიციაზე დახვრიტეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მექანიზებული ბრიგადის 6 დატყვევებული სამხედრო.

დონეცკის საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, მძიმედ დაჭრილ სამხედროებს დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლოთ და ევაკუაციას ელოდებოდნენ. პროკურატურის ცნობითვე, გამოძიება დაწყებული დონეცკის ოლქის ბახმუტის რაიონის სოფელ ვესელოესთან ორი უკრაინელი ტყვის დახვრეტის სავარაუდო ფაქტზეც.

ასევე ნახეთ ISW: უკრაინის სამხედრო დახმარების შეფერხებამ რუსეთს ხელი შეუწყო რამდენიმე შეტევის დაწყებაში

სამხედრო ტყვეების დახოცვა ჟენევის კონვენციის უხეში დარღვევაა და ომის მძიმე დანაშაულად ითვლება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უკრაინელი სამხედრო ტყვეების დახვრეტის შესახებ გავრცელებულ ცნობებზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. დღეს, 19 თებერვალს, რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ მოსკოვის მიერ უკრაინაში ანექსირებული რეგიონის, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „ოპერატიულ სამსახურებზე“ დაყრდნობით წერს, რომ უკრაინელი სამხედროები ავდეევკიდან „ქაოსურად გაიქცნენ“ და დატოვეს თავისი დაჭრილები, რომელთაგან 20-ზე მეტის ევაკუაცია რუსებმა განახორციელეს.

მსგავსი ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება რთულია.